“პრიიდე პასოლ კ ველიკომუ კნიაზიუ იზ ივერსკოი ზემლი”...

“პრიიდე პასოლ კ ველიკომუ კნიაზიუ იზ ივერსკოი ზემლი”...

XV საუკუნის მეორე ნახევარი საბედისწერო ტეხილი აღმოჩნდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ისტორიაში. ერთიანი სახელმწიფოს რღვევის ნიშნებმა, რომლებიც სულ უფრო მკაფიოდ იგრძნობოდა XIII-XIV საუკუნეებში, ამ დროისათვის საბოლოოდ იჩინა თავი, რასაც ქვეყნის დაშლა მოჰყვა შედეგად. ჩამოყალიბდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რომელთა სათავეში ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ისხდნენ და ლეგიტიმურობის თანაბარი პრეტენზიით გამოდიოდნენ. მათ დაემატა სამცხე-საათაბაგოც, რომლის მმართველები თანმიმდევრულად ახორციელებდნენ სეპარატულ პოლიტიკას როგორც საერო, ისე - საეკლესიო სფეროში.

როგორც მომდევნო პერიოდმა (XVI-XVII საუკუნეები) აჩვენა, ფეოდალური საქართველოს დაშლის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი შეიძინა და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ სამი ახალი პოლიტიკური ერთეული აღმოცენდა ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის სამთავროების სახით.

ქვეყნის დაქუცმაცება მეტად რთულ საერთაშორისო ურთიერთობათა ფონზე მიმდინარეობდა. XV საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოსთვის უაღრესად არახელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარებით აღინიშნა, რაც ოსმალთა მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობით იყო განპირობებული (1453 წელი). ბიზანტია, თუნდაც დამცრობილ-დაკნინებული, საქართველოსთვის წარმოადგენდა ქრისტიანული სამყაროსკენ გაჭრილ სარკმელს, ერთგვარ “სიცოცხლის გზას”, რომლის მეშვეობითაც ქართული კულტურა საუკუნეების განმავლობაში უკავშირდებოდა დასავლურ (ბიზანტიამდე- ბერძნულ-რომაულ) ცივილიზაციას. ოსმალთა მიერ ამ გზის გადაკეტვა საქართველოს გეოპოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევას მოასწავებდა. იგი ყოველი მხრიდან გარშემორტყმული აღმოჩნდა მაჰმადიანური ქვეყნების რკალით, რომლებსაც ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა საღვთო მოვალეობად მიაჩნდათ (თეთრბატკანიანები, შავბატკანიანები, ოსმალეთი). ერთადერთი ქრისტიანი მეზობელი - სომეხი ხალხი, რომელსაც XI საუკუნის შემდეგ დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა (აქ არ იგულისხმება მცირე აზიაში მდებარე კილიკიის სომეხთა სამეფო), საქართველოს იმედად იყო დარჩენილი და მოკავშირის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ოსმალური საფრთხის პრობლემა. თურქთა თავდასხმები საქართველოზე ჯერ კიდევ 1440 წელს დაიწყო. თავიდან მას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა და ნამდვილ ექსპანსიაში მხოლოდ XVI საუკუნის დასაწყისში გადაიზარდა. თუმცა, ფხიზელი ალღოს მქონე ქართველმა პოლიტიკოსებმა იმთავითვე იგრძნეს ოსმალეთისგან მომდინარე საფრთხის მასშტაბი და ევროპის ჩათვლით შეუდგნენ ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. ამის ბრწყინვალე დასტურია ლუდოვიკო ბოლონიელის მისია საქართველოში და ქართველ მეფე-მთავართა საპასუხო ელჩობა 1457-1459 წლებში. სამწუხაროდ, იმ დროისათვის ევროპაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაცნობიერებული ოსმალური საფრთხის მნიშვნელობა და საქართველოდან წამოსული ინიციატივა უპასუხოდ დარჩა. XVI საუკუნის დამლევს ქართლის მეფე კონსტანტინე დიმიტრის ძემ ისევ სცადა დაკავშირებოდა ესპანეთის ხელისუფლებას, თუმცა არც ამ მცდელობას მოჰყვა რაიმე შედეგი. ევროპის ქვეყნებიდან ერთი ნაწილი ბოსფორ-დარდანელზე გაბატონებულ თურქებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვოდა, სხვები კი ტერიტორიული სიშორის გამო თავს არ იწუხებდნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპელ მონარქებს, როგორც იტყვიან, ხელისგულზე ედოთ ჯვაროსნული ომების ორსაუკუნოვანი, წარუმატებელი გამოცდილება.

შექმნილ ვითარებაში ქართული სამყაროს წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა. ქვეყანას ჰაერივით სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, რომლის სამხედრო-პოლიტიკური თანადგომა საიმედო გარანტი იქნებოდა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ. საქართველოს მეზობელ გეოპოლიტიკურ სივრცეში მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიოსმალური განწყობით გამოირჩეოდა “თეთრბატკანიანთა” სახელმწიფო (XVI საუკუნის დასაწყისიდან მისი მემკვიდრე- სეფიანთა ირანი). XV საუკუნის მეორე ნახევარში ქართველმა პოლიტიკოსებმა სცადეს კიდეც გამოეყენებინათ ეს ფაქტორი ბრწყინვალე პორტას (ასე მოიხსენიებდნენ ევროპაში ოსმალთა სახელმწიფოს) წინააღმდეგ და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად “თეთრბატკანიანთა” მიჩნევა შეუძლებელი იყო. მისი მაჰმადიანი მმართველები საქართველოს განიხილავდნენ, როგორც დროებით მოკავშირეს, საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანას, რომელიც, ადრე თუ გვიან, მათი არჩივი უნდა გამხდარიყო.

ქართველმა პოლიტიკოსებმა იმთავითვე დააფიქსირეს, რომ ისლამურ (და არა მხოლოდ ოსმალურ) საფრთხესთან პირისპირ მდგომ ქვეყანას მოკავშირედ ქრისტიანული სახელმწიფო ესაჭიროებოდა. ასეთს XV საუკუნის მეორე ნახევარში ობიექტურად მხოლოდ რუსეთი წარმოადგენდა. აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე ჩამოყალიბებულმა მოსკოვის სახელმწიფომ თანმიმდევრულად შემოიკრიბა ირგვლივ დანარჩენ რუსულ სამთავროთა მიწები და შეძლო “ოქროს ურდოს” უღლის გადაგდება (1480 წელი). რუსი პოლიტიკოსები საკუთარ სახელმწიფოს ბიზანტიის მემკვიდრედ განიხილავდნენ (ე.წ. “მესამე რომის” დოქტრინა), რის კონკრეტულ გამოხატულებასაც მთავარ ივანე III-ის (1462-1505 წლები) მიერ მეფის ტიტულის მიღება წარმოადგენდა.

ქართულმა დიპლომატიამ, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალს მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ მოპოვებულ ყოველგვარ, თუნდაც უმნიშვნელო წარმატებას, დროულად შენიშნა მოსკოვის სახელმწიფოს გამოჩენა დიდ მსოფლიო პოლიტიკაში და ოპერატიულად მოახდინა კიდეც რეაგირება ამ ფაქტზე. XV საუკუნის 80-90-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალ ეტაპს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობათა ისტორიაში, რომელმაც, გასული პერიოდისგან განსხვავებით, მკაფიოდ გამოკვეთილი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ბ რ ი ვ ი შინაარსი შეიძინა და აქედან მოყოლებული სამსაუკუნოვან, ინტენსიურ დიპლომატიურ კონტაქტებში გამოიხატა. თავდაპირველად ამ ურთიერთობათა პოლიტიკური გეოგრაფია შედარებით შეზღუდული იყო და საქართველოს მხრივ მასში მხოლოდ კახეთის სამეფო მონაწილეობდა, თუმცა XVII საუკუნის დასაწყისში არეალი გაფართოვდა და რუსეთთან კავშირზე სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულებიც გავიდნენ.

სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ ფრიად მნიშვნელოვანმა ასპექტმა ქართულ წყაროებში (ვერც ნარატიულში და ვერც დოკუმენტურში) ასახვა ვერ ჰპოვა და ჩვენც იძულებული ვართ, რუსულ წყაროთა მწირი მონაცემებით დავკმაყოფილდეთ. ცნობილმა მკვლევარმა ნ. კარამზინმა რუსეთის სახელმწიფოს ისტორიისადმი მიძღვნილ კაპიტალურ ნაშრომში გამოაქვეყნა ერთი ფრიად საინტერესო დოკუმენტი, საიდანაც ვგებულობთ რუსეთში ქართველი ელჩის ჩასვლის შესახებ. ესაა თვითონ ქართველთა მეფის მიერ რუსეთის მმართველთან გაგზავნილი წერილის თარგმანი, რომლის ქართული დედანი, ჯერჯერობით, აღმოჩენილი არაა. წერილის მიხედვით, მისი გამგზავნია ივერთა ქვეყნის მფლობელი ალექსანდრე, რომელიც ადრესატს აცნობებს მის სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ (“ჩვენ აქ ივერთა ქვეყანაში ჯანსაღად ვართ”). წერილში დასახელებული არაა ელჩობის კონკრეტული მიზანი, საუბარია ჩვეულებრივ მოკითხვაზე (“მრავალი თაყვანისცემით თქვენს კარზე წარმომივლენია ნარიმანი, დამიანე და მათთან ერთად ხოზემარუმი შაქელი, თქვენი ჯანმრთელობის გასაგებად... ღმერთმა ქნას მუდამ ბედნიერად ყოფილიყო”). წერილს უზის თარიღი (“დაიწერა ოთხმოცდათერთმეტსა წელსა, იანვარში), ხოლო ტექსტს ზემოთ წითელი მელნით გაკეთებული აქვს მინაწერი - “სია გრამოტა პრიშლა იზ გურზინსკიე ზემლი ოტ ივერსკოგო ცარია ალეკსანდრა”).

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი წყარო, ე.წ. ნიკონის ნუსხა, რომელშიც 1492 წლის თარიღით მითითებულია მოსკოვში ქართველი ელჩის მისვლის ამბავი. “ტოია ჟე ზემლი პრიიდე პოსოლ კ ველიკომუ კნიაზიუ იზ ივერსკია ზემლი ოტ კნიაზია ალეკსანდრა იმენემ მურატ”. სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე სხვა ცნობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნიკონის ნუსხაში დაცული ინფორმაციის გადამოწმება.

როგორც ვხედავთ, რუსული წყაროები პირდაპირ უთითებენ ივერთა მეფე ალექსანდრეს დიპლომატიურ აქტიურობაზე მოსკოვთან ურთიერთობაში. მითითებულია ელჩთა ვინაობაც. პირველ შემთხვევაში ნარიმანი, დამიანე და ხოზემარუმი შაქელი, მეორე შემთხვევაში კი - ვინმე მურატი.

აღნიშნული მასალების გაცნობა ბადებს ორ ლოგიკურ კითხვას. 1) ვინ იყო ივერთა მეფე ალექსანდრე და 2) კონკრეტულად როდის განხორციელდა მისი ელჩობა?

ქართულ ისტორიოგრაფიაში ეჭვმიუტანლადაა დადგენილი, რომ სახელწოდება “ივერია” XV-XVII საუკუნეთა ქართულ წყაროებში კახეთის სამეფოს მიემართებოდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ “კნიაზ ალეკსანდრ”-ში კახთა მეფე ალექსანდრე უნდა იგულისხმებოდეს.

კახეთის სამეფოს ისტორიაში ამ სახელის მატარებელი ორი მეფეა ცნობილი: ალექსანდრე I (1476-1511) და ალექსანდრე II (1574-1605).

იმ გარემოებამ, რომ აღნიშნულ წერილში ზუსტი თარიღი მითითებული არაა, დაბადა კითხვა, რომელ ალექსანდრეს ეკუთვნოდა იგი. პალეოგრაფიულმა ანალიზმა ცხადყო, რომ დოკუმენტი XVI საუკუნის პირველ მეოთხედში იყო შედგენილი, რაც თავისთავად გამორიცხავს ალექსანდრე II-ის ავტორობას. ამიტომ, ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულებით, ზემოთ აღნიშნული ელჩობა რუსეთში მეფე ალექსანდრე I-ის ინიციატივით განხორციელდა.

მართალია, XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ისტორია კიდევ ერთ ხელისუფალს იცნობს ალექსანდრეს სახელით (იგულისხმება იმერთა მეფე ალექსანდრე ბაგრატის ძე, რომელიც 1478 წლიდან პერიოდულად 1510 წლამდე მართავდა სახელმწიფოს), მაგრამ იგი არ შეიძლება ყოფილიყო რუსეთში გაგზავნილი წერილის ავტორი. იმერეთის სამეფოს ურთიერთობანი რუსეთთან შედარებით გვიან, XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ჩაისახა. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, ამ პერიოდის რუსულ წყაროებში ივერია კახეთს ერქვა.

რომელ წელს შედგა ელჩობა და რას ნიშნავს დოკუმენტის ბოლოს მითითებული თარიღი - “ოთხმოცდათერთმეტი წლის იანვარი”?

რაკი წერილი საქართველოდანაა გაგზავნილი, ლოგიკურია, გვეფიქრა, რომ მასში თარიღი ქორონიკონით იქნებოდა მითითებული. დღეს უკვე გარკვეულია, რომ ალექსანდრეს წერილს თარიღი რუსული წესით, ანუ სამყაროს გაჩენის მიხედვით აქვს დასმული. თანაც, თარგმანის ის მონაკვეთი, სადაც თარიღი უზის, ამოფხეკილი და გადასწორებულია. სიტყვები - “ა პისანა ლეტა” წერია იმ ადგილზე, სადაც მანამდე აღნიშნული იყო ოთხმოცდათერთმეტი წლის საწყისი ნაწილი, ხოლო ამონაფხეკის შემდეგ უცვლელადაა დატოვებული სიტყვები - “დევიატ-დესიატ გენვარია”. დადგენილია, რომ რუსულ დოკუმენტებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო დასაბამითგანით ნაწარმოები თარიღების შემოკლებული მითითება. მაგალითად, 7105 წლის ნაცვლად წერდნენ 105-ს, 7096-ის ნაცვლად 96-ს და ა.შ. 

საფიქრებელია, მოსკოვში გაგზავნილი ალექსანდრეს წერილი, რომლის დედანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ბერძნულად იქნებოდა დაწერილი (იგი ხომ საყოველთაოდ აღიარებულ, საურთიერთო ენას წარმოადგენდა მართლმადიდებლურ სამყაროში). თუ ეს ასეა, მაშინ თარიღიც სამყაროს შექმნიდან, ანუ ბერძნული წესით იქნებოდა ნაანგარიშები და მივიღებთ 1483 წელს (6991-5508=1483).

გამოთქმულია მოსაზრება, რომ, შესაძლოა, ბერძნული ტექსტი ქრისტეს შობიდან იყო დაანგარიშებული და გადაშლილ ადგილზე ეწერა 1491 წელი. ამ საკითხმა გარკვეული გაუგებრობა წარმოშვა. დიდი ხნის განმავლობაში სადაო იყო, ერთი ელჩობის ორ განსხვავებულ თარიღთან გვაქვს საქმე თუ ორ სხვადასხვა ელჩობასთან. პროფ. იასე ცინცაძე, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა ეს საკითხი, თვლიდა, რომ 1491-1492 წლებში განხორციელდა ერთი ელჩობა. იგი უშვებდა შესაძლებლობას, რომ რუსულ ქრონიკაში მოხსენიებული მურატი და ალექსანდრეს წერილში დასახელებული ხოზემარუმი (ხოჯა მურადის დამახინჯებული ვარიანტი?) ერთი და იგივე პიროვნებაა. ამჟამად ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს მოსაზრება გაზიარებული არაა. თვლიან, რომ ალექსანდრე I-ის ინიციატივით რუსეთში განხორციელდა ორი ელჩობა - 1483 და 1491 წლებში. შესატყვისად, მოხსნილია ხოზემარუმისა და მურატის იგივეობის საკითხი.

რა კონკრეტულ მიზანს ისახავდა აღნიშნული ელჩობა?

თვით კახეთის მეფის მიერ შედგენილ წერილს ამ საკითხის გარკვევაში სინათლე ვერ შეაქვს. დოკუმენტში არცერთი კონკრეტული პრობლემა არაა დასმული (არაა გამორიცხული, რომ ელჩებმა ძირითადი სათქმელი ზეპირი სახით გადასცეს ადრესატს. შუა საუკუნეებში, როდესაც დესპანებს მტრულად განწყობილი ხალხებით დასახლებულ ტერიტორიებზე უხდებოდათ გავლა, ეს კონსპირაციის აპრობირებული ხერხი იყო). იგი, ერთი შეხედვით, მეგობრული მოკითხვის ბარათს უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ გზავნილს და რუსეთის მეფის ჯანმრთელობის გარკვევას ისახავდა მიზნად.

ქართულ ისტორიოგრაფიაში საგანგებოდაა შესწავლილი ალექსანდრე I-ის წერილის თარგმანში დაფიქსირებული დიპლომატიური ფორმულა- “ზდრავია ოტვედატი”. XV-XVI საუკუნეთა რუსული დოკუმენტური წყაროების შესწავლამ აჩვენა, რომ ამ სიტყვებში ჯანმრთელობის ჩვეულებრივი მოკითხვა არ იგულისხმება (რამდენიმე ათას კილომეტრზე ამის გულისთვის ელჩს არავინ გააგზავნიდა). ჩვენ არ ვიცით, რა ეწერა ალექსანდრეს წერილში, რომლის თარგმანსაც აღნიშნული სიტყვები წარმოადგენს. სხვა რუსული საბუთების შესწავლამ ცხადყო, რომ “ზდრავიე ოტვედატი” დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების შეთავაზებას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, კახთა მეფე ივანე III-ს დიპლომატიური კონტაქტების დამყარებას სთავაზობდა. ეს უნდა ყოფილიყი პირველი ნაბიჯი ორი ქრისტიანული ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებში, რასაც, საბოლოოდ, პარტნიორობა და მოკავშირეობა მოჰყვებოდა.

რუსულ ისტორიოგრაფიაში (კარამზინი) გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს ალექსანდრემ ივანეს მფარველობა სთხოვა. ეს შეხედულება ჩვენთან არაა გაზიარებული, რადგან რუსმა მკვლევარმა XV საუკუნეზე მექანიკურად განავრცო XVI საუკუნის ცნობილი რეალიები (იგულისხმება ალექსანდრე II-ის თხოვნა და 1587-1589 წლების მფარველობითი ხელშეკრულება). XV საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ისეთ ძალას, რომ კახეთს მისთვის მფარველობის თხოვნაზე ეფიქრა.

ახალგაზრდა, მზარდი რუსული სახელმწიფო ის-ის იყო მზერას აპყრობდა სამხრეთ მიმართულებით. თავის მხრივ, იმიერ და ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ერთეულებმაც შეამჩნიეს მოსკოვის გააქტიურება ვოლგის ქვემო წელზე და კავკასიონის მისადგომებთან. გაჩნდა შემხვედრი ინტერესები. უკვე XV საუკუნის 60-იან წლებში დიპლომატიურ ურთიერთობებს სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებების გაფორმება მოჰყვა. მაგალითად, 1466 წელს ასეთი შეთანხმება დაიდო რუსეთსა და შემახის მფლობელს შორის. რუსი დიპლომატი ვასილი პაპინი ამ მიზნით სპეციალურად ჩავიდა შემახაში. 

აქედან ჩანს, რომ XV საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიის რეგიონი უცნობ სამყაროს არ წარმოადგენდა რუსეთისთვის და კახეთიდან ელჩების ჩასვლას, შესაძლოა, წინასწარ ჰქონდა ნიადაგი შემზადებული.

ვენეციელი ელჩის ამბროჯიო კონტარინის ცნობიდან ირკვევა, რომ 1475 წლის ივლისში მასთან ერთად საქართველოზე გავლით იმგზავრა უზუნ ჰასანთან ნამყოფმა მოსკოვის მთავრის ელჩმა მარკიზ როსსომ. ცხადია, მისი მეშვეობით რუსეთში გარკვეული ინფორმაცია ექნებოდათ მიღებული იმდროინდელი საქართველოს შესახებ.

და ბოლოს, რა შეიძლება ითქვას ქართველი ელჩების მარშრუტის შესახებ? 

XVII-XVIII საუკუნეებში ქართველი დიპლომატები ხშირად სარგებლობდნენ დარიალის გზით, თუმცა მტკიცება იმისა, რომ XV საუკუნის მიწურულს ეს ხეობა ასეთივე ინტენსიური ურთიერთობის მაგისტრალს წარმოადგენდა, შეცდომა იქნებოდა. იმ დროისათვის ვოლგასა და დონს შორის, იმიერკავკასიის სტეპებში ნოღაელთა მოხეტიალე ურდოები თარეშობდნენ. საეჭვოა, ალექსანდრე I-ის ელჩები ამ გზით წასულიყვნენ. ქართულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ნარიმანთან და დამიანესთან ერთად მოსკოვში გაგზავნილ მისიაში ვინმე შაქელი ხოზემარუმი იხსენიება. კასპიისპირა პროვინცია შაქზე, როგორც ცნობილია, გადიოდა ირანისა და ასტრახანის დამაკავშირებელი ცნობილი სავაჭრო მაგისტრალი (თავრიზი-შემახა-დარუბანდი-ასტრახანი). შესაძლებელია, კახეთის დესპანებმა სწორედ ამ გზით ისარგებლეს, თუმცა, ცხადია, ეს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდის სახით არსებობს.

სამწუხაროდ, წყაროთა უქონლობის გამო, ცნობილი არაა, მოჰყვა თუ არა რაიმე შედეგი 1483 წლის ელჩობას და, კონკრეტულად, რამ გამოიწვია 1491 წელს ახალი დესპანის მივლინება მოსკოვში. ყოველ შემთხვევაში, ამ აქტით დიპლომატიური ურთიერთობების გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. სწორედ ალექსანდრე I-ის ელჩობით დაიწყო ახალი ეპოქა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში, რომელიც 1801-1810 წლების ცნობილი მოვლენებით “დაგვირგვინდა”.