ჩვენ მძევლად არ ავაყვანინებთ ჩვენს თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თავზეხელაღებულ გუნდს

ჩვენ მძევლად არ ავაყვანინებთ ჩვენს თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თავზეხელაღებულ გუნდს

ჩვენ მძევლად არ ავაყვანინებთ ჩვენს თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თავზეხელაღებულ ამაზრზენ გუნდს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა გამართეს.

როგორც გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ბუნებრივი. "აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ის, რომ პრემიერის ამ კატასტროფული, სამარცხვინო და ამაზრზენი განცხადების შემდეგ და ბოლო დღეებისა და კვირების მოვლენების ფონზე, როდესაც ღია მცდელობაა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების, პრეზიდენტმა მოახდინა რეაგირება და განცხადება გააკეთა. ეს არავის უნდა გაკვირვებოდა", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ის კრიზისი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა შეიყვანეს ქვეყანა, ჯერ განმუხტული არ არის. "ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება ჩვენი თავისუფლების დათმობის ხარჯზე და ამ თავისუფლების მთავარი კრიტიკული საკითხი ეს არის "რუსთავი 2"-ის საკითხი", - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი ილუზია არ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის თოჯინებს, რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი მუქარით და პირდაპირი განაცხადით რომ შეასკდებიან საზოგადოებას, ვინმე უკან დაიხევს - ეს ასე არ მოხდება. "ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვსურს ამ პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩენა. ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, მაგრამ ჩვენ მძევლად არ ავაყვანინებთ ჩვენს თავისუფლებას ივანიშვილის თავზეხელაღებულ, ამაზრზენ გუნდს", - განაცხადა ბოკერიამ.

პრეზიდენტთან შეხვედრას სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და გიგა ბოკერია ესწრებოდნენ.