ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პროკურატურისთვის მთავრობისგან ინფორმაციის მიმტანი პირის დასახელებას აპირებს.
ნიკა გვარამია საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. როგორც ცნობილია ის საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. გვარამიამ ჟურნალისტებთან დაგვიანების მიზეზები განმარტა.
"ჩვენ ვისაუბრეთ პროკურორთან. სამწუხაროდ, ჩემი ადვოკატი საქართველოში არ იმყოფება და ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა. შევთანხმდით რომ ამ დროს მოვიდოდი. ვაპირებ დავასახელო ის ადამიანი, ვინც ეს ინფორმაცია მომიტანა და არა მემუქრებოდა. სწორედ რომ იყოს გაგებული, ის ინფორმაციის მომტანი იყო მთავრობისგან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად დამისახელა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის ბოლოს. ამ ადამიანს ვიცნობ, ვენდობი მას. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და მთავრობასთანაც აქვს მას ურთიერთობა, ამიტომ ორმხრივად მისაღები იყო ეს ადამიანი ჩვენთვის. ამიტომაც ის იყო, ასე ვთქვათ, მესინჯერი ჩვენს შორის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული პირი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ ეს ადამიანი არ არის გედი ფოფხაძე.
"ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თუმცა არ არის მაღალი თანამდებობის პირი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა საგმოძოებო უწყებაში CD დისკიც მიიტანა. ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურას ვიდეომასალას გადასცემს, სადაც დაფიქსირებული არის მთავრობისგან ინფორმაციის მომწოდებილი პირის "რუსთავი 2"-ში შესვლის და გამოსვლის კადრები. ამასთან, ნიკა გვარამია კონკრეტული ორგანოს დასახელებას აპირებს, ვისგანაც მუქარა მოდიოდა. გახდება თუ არა საჯარო ინფორმაციის მომწოდებელი პირის ვინაობა და ორგანო, გვარამიას თქმით, ეს უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ.