ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას ნათქვამს უფრო მაღალი დამაჯერებლობა მაშინ ექნებოდა, თუ გუშინვე დაასახელებდა იმ პიროვნების ვინაობას, ვინც ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც არეშიძემ განაცხადა, თუ პროკურატურაში გვარამია იმ პიროვნების ვინაობას დაასახელებს, ეს საგანგასო მოვლენა იქნება, რასაც ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან, სერიოზული რეაგირება დასჭირდება.
„თუ პროკურატურაში გვარამია კონკრეტულ პიროვნებას დაასახელებს და ის ტექსტი სრულიად შეესაბამება, რაც ნიკა გვარამიამ თქვა, ეს არის საგანგაშო მოვლენა, რასაც სჭირდება სერიოზული რეაგირება ხელისუფლების და პროკურატური მხრიდან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარ პროვოკაციასაც ჰქონდეს ადგილი. პრვოკაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ის პიროვნება ავტონომიურად მოქმედებს - მე არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში სერიოზული მე-5 კოლონაა, რომელიც თავისი მიზნების რეალიზაციას ახდენს, ან მუშაობს ყოფილ ხელისუფლებაზე, არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული, რომ თვითონ გვარამია ამუქებს ფერებს, ამძიმებს სიტუაციას ზუსტად იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“,- განაცხადა არეშიძემ.
მისი განმარტებით, „რუსთავი 2“-ის დახურვა და კომპანიის ჟურნალისტების შევიწროება, არ შეიძლება.
„ეს კონტრპროდუქტიულად წამგებიანი იქნება ქვეყნისთვის. საქმე ისე უნდა წარიმართოს, რომ „რუსთავი 2“-ის ფუნქციონირებას და ტონალობას საფრთხე არ მიადგეს“,- აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშრდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.