ქიბარ ხალვაშის უფლებაა, რომ არ დაესწროს სასამართლო პროცესებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა.
სალიას თქმით, თუ ქიბარ ხალვაში ცდილობს საკუთარი ქონების დაბრუნებას, ყარამანაშვილები ცდილობენ საკუთარი ქონების დაცვას და ამავე ლოგიკით, ინტერესდება, თუ რატომ არ ესწრებიან ყარამანიშვილები სასამართლო პროცესებს.
"მხარის უფლებაა არ დაესწროს. ეს არის საპროცესო კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილება. ქიბარ ხალვაშს, ისევე როგორც ყველა მხარეს, წარმოადგენენ ადვოკატები, არც ერთი მხარე არ არის წარმოდგენილი სასამართლოში", - განაცხადა პაატა სალიამ.
ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ქიბარ ხალვაში უახლოეს მომავალში ჩაერთვება "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში. გარდა ამისა, ადვოკატმა ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელიც გასავლელია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს პროცესებში. როგორც სალია ვარაუდობს, დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ მოესწრება.
"ჯერ სასამართლოს ახსნა-განმარტება არ მოუსმენია. ჯერ უნდა მოისმინოს ჩვენი ახსნა-განმარტებები, მერე უნდა მოისმონოს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი, მერე არის მხარეთა შეკითხვები, მერე მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეთა პაექრობა, აქედან გამომდინარე, დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება ფიზიკურად ვერ მოესწრება", - განაცხადა ადვოკატმა.