"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებში.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მას აქვს საქართველოს მოქალაქეების მანდატი და ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური პარტიები მასთან გაივლიან კონსულტაციებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება მოლოდინს, გიგა ბოკერიას უჭირს პროგნოზის გაკეთება თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებები.
გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების დაწყების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი მივიდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.