„პრეზიდენტის განცხადება სასამართლოს საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა“

„პრეზიდენტის განცხადება სასამართლოს საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა“

სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილის განცხადებით, არავის, მათ შორის არც საქართველოს პრეზიდენტს, არ აქვს სასამართლოს საქმნიანობაში ჩარევის უფლება.

კახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართვა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ეს პირდაპირი ჩარევაა სასამართლოს საქმიანობაში.

„როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლა? მაინტერესებს, კონკრეტულად აქვს თუ არა პრეზიდენტს, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება? ამის უფლება არ აქვს არავის. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხისტი არ იყოს და ნაჩქარევი არ იყოს, როგორ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ხისტი ან ნაჩქარევი, როცა უნდა იყოს დასაბუთებული? თუ არ იქნება დასაბუთებული, მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება“, - განაცხადა კახიშვილმა.