„პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას“

„პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული უსაფუძვლო განცხადება ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ემსახურებოდა.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას პრობლემები ექმნება, ამის საფუძველი უნდა ჰქონდეს. ასეთი აჟიოტაჟი, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, რომ იწყება მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან და ა.შ. ამას უნდა ჰქონდეს გარკვეული საფუძველი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები.