ჩვენ შეიძლება ასეთი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რომ არ მოგვესმინა პრემიერ-მინისტრის შეფასებები

ჩვენ შეიძლება ასეთი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რომ არ მოგვესმინა პრემიერ-მინისტრის შეფასებები

ჩვენ შეიძლება ასეთი განცხადება დღეს არ გაგვეკეთებინა, რომ არ მოგვესმინა ის შეფასებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად გამოაცხადა, რომ მთელ ამ პროცესებში ის შეიძლება წარმოადგენდეს მხარეს.

"ვფიქრობ, ეს მისგან ძალიან არასწორი იყო, იმედი უნდა ვიქონიო, რომ ყველა ვინც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები გააცნობიერებენ იმ ვითარებას, რომ მათ თითოეულ სიტყვას დღეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ყველასთან გვექნება კონსულტაციები, ეს ნიშნავს იმას, რომ მცდელობა გვექნება ყველასთან ამ კონსულტაციებისა და იმედი მაქვს, რომ ყველა დიდი პასუხიმგებლობით მოეკიდება შექმნილ ვითარებას", - განაცხადა ჩიხრაძემ.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, მან უკვე დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაცია.

"პირველი ზარები განვახორციელე. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს განსაკუთრებულად ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა. მერწმუნეთ, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასებები, მით უმეტეს არ არის არავის პიარის თემა. ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხები", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი საკითხები ყველამ უნდა გააცნობიეროს და მიუდგეს ამ საკითხებს ისე, როგორც მოითხოვს თითოეული მათგანის თანამდებობრივი პასუხიმგებლობა.

"ეს ეხება, რა თქმა უნდა, ყველა მხარეს, მათ შორის "რუსთავი 2"-ის მხარესაც, იმიტომ რომ ემოცია ბევრი დაგროვდა. მე მესმის კარგად ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ემოციების მიუხედავად ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ, რომ ემოციებზე მაღლა დავდგეთ და უფრო წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოებრივი ინტერესები", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.