მივესალმები საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენილ ერთადერთ სახელმწიფოზე მზურნველ თანამდებობის პირს, - ეს შეფასება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მივიდა და შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
ნიკა გვარამიამ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას "სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული განაცხადი" უწოდა.
"საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული განაცხადი გაკეთა, ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი და ვიზიარებ მის ამ პათოსს. მივესალმები საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენილ ერთადერთ სახელმწიფოზე მზრუნველ თანამდებობის პირს", - განაცხდა გვარამიამ.
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგს "რუსთავი 2"-ის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ.
"მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები.
"ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.