„სააკაშვილის მეთოდებით რომ გვდომოდა მართვა, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ საუბრის უფლება“

„სააკაშვილის მეთოდებით რომ გვდომოდა მართვა, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ საუბრის უფლება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში არ არის ჩართული.

ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ფარული მიყურადების და შანტაჟის დრო დამთავრდა და ის ამ ხელისუფლებაში არ დაბრუნდება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ გასარკვევია, ხომ არ არის ეს მორიგი პროვოკაცია.

„ის, რაც დღეს ხდება, გასარკვევია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ხომ არ არის ეს ჩვეულებრივი პროვოკაცია, მორიგი დადგმული სპექტაკლი. ეს არ არის ჩვენს ინტერესში. ჩვენ ეს არ გვჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ „რუსთავი 2“-ის პროცესში არ ვართ ჩართული და მეტიც, სააკაშვილის მეთოდებით რომ გვდომოდა მართვა, გარწმუნებთ ყველას, რომ ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველაფრი - საუბრის და გამოხატვის უფლება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დააფასონ ის დემოკრატიული გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით და რომელსაც უზრუნველვყობთ ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, იგივე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საზოგადოებას ნუ შეიყვანენ შეცდომაში და ნუ დააბნევენ არასწორი აქცენტების გაკეთებით.

„ამაში მთავრობის როლიც არის განსაკუთრებული და მინისტრებს გაქვთ ამის უნარი, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ მოსახლეობას, იმიტომ, რომ დღეს მედია სივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. ამიტომ აქ ჩვენი როლი არის გამოკვეთილი და ჩვენ უფრო აქტიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.