პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის გასაგებია ის აღშფოთება, რომელიც საზოგადოებაში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებამ გამოიწვია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერ ადამიანს ასეთი რეაქცია გაუჩნდებოდა ამ კადრების ნახვის შემდეგ, თუმცა პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, სახელმწიფოს წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველჰყოს და პროტესტის გამოხატვა, კანონის ჩარჩოებს, არ უნდა გასცდეს.
„საზოგადოება არის აღშფოთებული. მე მესმის ძალიან კარგად. ყველა თაობის ადამიანი არის აღშფოთებული და სრულიად შოკირებული იმ ვიდეოების ნახვით, რომელიც ამ დღეებში მედია საშუალებებით გავრცელდა. რა თქმა უნდა, მე მესმის მათი აგრესია და რეაქცია. ყოველდღე მიდის „ნაცმოძრაობის“ ოფისების დახურვა და მათზე აგრესიის მიტანა. ეს რეაქცია ჩემთვის არის გასაგები და ბუნებრივი. ნებისმიერ ადამიანს ასეთი რეაქცია გაუჩნდებოდა ამ კადრების ნახვის შემდეგ. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა უზრუნვევლყოთ კანონი და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ პროტესტის გამოხატვა. რეაქცია არ უნდა გავიდეს კანონს მიღმა, ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყობთ დემოკრატიულ სივრცეს, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში. ამით, რა თქმა უნდა, მე არ ვახალისებ ძალადობას, თუმცა მეორეს მხრივ, მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს გამოხატვის უფლება ავუკრძალო“, - აღნიშნა პრემიერმა.