ამ ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოში, პრაქტიკულად, პორნოკრატია დაამყარა, დიდი დრო არ უწერია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვრამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის ვერ ესწრება სასამართლო სხდომას, რადგან "პროცესს უნიჭო, უსინდისო, აბსოლუტურად უყველაფრო ურთმელიძე იხილავს".
"ადამიანი, რომელიც არ არის მოსამართლე, რომელიც არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის, რომელიც პროცესზე ზის, როგორც ზონდერი და მთელი ქართული საზოგადოების, არასამთავრობო სპექტრის, დიპლომატიური კორპუსის მოთხოვნის მიუხედავად, პროცესს არ იცილებს. მიხედავად იმისა, რომ პირდაპირ მისი მაკომპრომეტირებელი მასალები და სიუჟეტები, ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გადის "რუსთავი 2"-ზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვიძიებთ მის მოსამართლეობას, წესიერებსა და პატიოსნებას. ყველაფერი, რაც "უ" წინასართით იწყება, ისევე როგორც მისი გვარი, არის ჩვენ მიერ აღმოჩენილი. ეს არის აბსოლუტურად კორუმპირებული მოსამართლე, როგორც ჩვენს საქმეში, ასევე სხვა საქმეებში, რომელიც უვიცია ყველაფერთან ერთად", - განაცხადა გვარიამამ.
მისივე თქმით, უსინდისო და კორუმპირებული ადამიანისგან სამართალს არ ელოდებიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას, რომელიც გადასულია იმ სიბინძურზე, რასაც ბოლო პერიოდია აკეთებს და საქართველოში პრაქტიკულად, პორნოკრატია დაამყარა, დიდი დრო არ უწერია. მოსამართლე ურთმელიძე ამ ხელისუფლების ნაწილია. შესაბამისად, მე მგონია, რომ ჩემს იქ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. დიდი დარღვევაა, როდესაც ერთ-ერთ მთავარ პირს პროცესისას სხდომაზე არ უშვებენ იმ მოტივით, რომ შოუს ელემენტები შემაქვს თურმე, ეს აბსურდია", - განაცხადა გვარამიამ.
როგორც "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, სასამართლო შენობამ მნიშვნელობა დაკარგა მოსამართლე ურთმელიძის გამო.
"მე მგონია, რომ ამ შენობამ დიდი მნიშვნელობა დაკარგა მოსამართლე ურთმელიძის გამო და ვწუხვარ, რომ აქ ძალიან ბევრი კეთლსინდისიერი და უაღრესად კვალიფიციური ადამიანია. ისინი, ვისაც გვინდოდა, რომ ჩვენი საქმე განეხილა, რადგან ჩვენ მათი გვჯერა. მოსამართლე ურთმელიძე ერთადერთია, რომელიც ამ ხელისუფლებამ იპოვა ამ ბინძური საქმის შესასრულებლად", - განაცხადა გვარამიამ.