ჩვენ რომ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება

ჩვენ რომ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება

დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებებისას განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "სააკაშვილის მეთოდებით" მოქმედება "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის.

"ეს არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ჩვენ არ ვართ ჩართული "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში. ჩვენ რომ ასეთი, ანუ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა და გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება - საუბრის, გამოხატვის და ა.შ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ დააფასონ ის დემოკრატიული სივრცე და გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით და უზრუნველყავით ყველასთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებისა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა მთავრობის წევრებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების დავალება მისცა.

"ჩვენ დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს იგივე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში და ნუ დავაბნევთ არასწორი აქცენტების გაკეთებით. ამაში მთავრობის როლიც განსაკუთრებელია - მინისტრებს გაქვთ ყველანაირი უნარი, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. ჩვენი როლი აქ არის გამოკვეთილი და ჩვენ პროაქტიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია", - მიმართა მთავრობის მეთაურმა მინისტრებს.