საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ისინი ხელს არ შეუშლიან თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას, "შემდეგი მაიდანი იქნება თბილისში".
როგორც სამადაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, როდესაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება პირველად შეიცვალა დემოკრატიული არჩევნების გზით, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას მიესალმა, თუმცა მაშინ აფრთხილებნდენ, რომ ძალაუფლებას დაეპატრონა საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკური გუნდი.
"დღეს უკვე ნათელია, რომ ჩვენი შეშფოთება და სკეპტიციზმი იყო გამართლებული. მე ვიცი, რომ დიპლომატიურ კორპუსში არის შეშფოთება, რომ საქართველოში შესაძლოა, მოვლენები განვითარდეს უკრაინული სცენარით. უკრაინაშიც იანუკოვიჩი თავის დროზე არჩეულ იქნა დემოკრატიული არჩევნების გზით. მე მინდა თქვენ გესმოდეთ, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ იმ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც თქვენ ძალიან ქმედითად ხელი უნდა შეუშალოთ მცდელობას, რომ საქართველოში ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. თუ თქვენ ამას ვერ მოახერხებთ დღეს, მერწმუნეთ, შემდეგი მაიდანი იქნება თბილისში – იქნება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი, რომელსაც მე მინდა ახლა მივმართო, არავის მისცემს უფლებას, წაართვას მას ერთადერთი, რაც დარჩა _ მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და პასუხი გასცენ ხელისუფლებას, რომელმაც ისინი მოატყუა, როგორც ატყუებენ ბავშვს ფოჩიანი კანფეტებით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ დასავლეთი გვერდში უნდა დაუდგეს "რუსთავი 2"-ს, რათა ამ ქვეყანაში არ მივიღოთ ის სცენარი, რომელიც არავის სურს.