ნიკა გვარამიას მთავარი პროკურატურა ხვალ დაკითხავს

ნიკა გვარამიას მთავარი პროკურატურა ხვალ დაკითხავს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 12:00 საათზე მივა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გვარამიას პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ და სთხოვეს მოწმის სახით დაკითხვაზე მისულიყო, თუმცა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა უწყებაში დღეს მისვლაზე, უარი განაცხადა.

მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, გამოძიება დაიწყო მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების განმარტებით, უმოკლეს ვადაში მოხდება გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხვალ, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშორდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.