ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც, გამომძალველიც და ისინი, ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე", - წერს ქიბარ ხალვაში.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს, ტელევიზიის შენობაში რამდენიმე საათის წინ შეხვდა ადამიანს, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა. თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან და დამატებითი დეტალების გახმაურებისგან გვარამიამ თავი შეიკავა. "ჯერ არ ვარ მზად ამ ადამიანის დასასახელებლად. შეხვედრა მოხდა ამ შენობაში, რომელშიც ვიმყოფებით. თუ იმას ელოდებით, რომ ეს შეხვედრა მტკიცებულებებით და ფარული ჩანაწერებით წარიმართა, ეს ასე არ ხდება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ არ მეთქვა იყო ისიც, რომ მე ამ შეხვედრის მტკიცებულებები არ მაქვს", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე გაიგო, რომ სასამართლო ხვალ "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. "მითხრეს შემდეგი - არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებილი ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში", - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ შატნაჟის მიუხედავად, "რუსთავი 2"-დან გაქცევას არ აპირებს.