მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
"რუსთავი 2"ის დირეტორის, ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, გამოძიება დაიწყო მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, ჩვენს მიერ შესაძლებლობის ფარგლებში, უმოკლეს ვადაში მოხდება გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით",- განუცხადა ტელეკომპანია "იმედს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხვალ, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშორდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.