“და მოვიდეს ვარანგნი”, ანუ ბალტინის შორეული წინაპრები საქართველოში

“და მოვიდეს ვარანგნი”, ანუ ბალტინის შორეული წინაპრები საქართველოში

1047 წელს საქართველოში გამოჩნდა რუს-ვარანგთა მცირე რაზმი - 3000 მებრძოლი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მეფე ბაგრატ IV და კლდეკარის ერისთავს შორის მომხდარ ბრძოლაში. ამ ფაქტის შესახებ გვიამბობს “ქართლის ცხოვრების” ციკლში შემავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულება— “მატიანე ქართლისა”.

ბაგრატისა და ლიპარიტის დაპირისპირება ერთ-ერთი ცენტრალური ფაქტორი იყო, რამაც განსაზღვრა ქართული სახელმწიფოს საშინაო (არა მხოლოდ საშინაო) პოლიტიკის ძირითადი შინაარსი თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე- XI საუკუნის 30-50-იან წლებში. ამ საკითხის დაწვრილებითი მიმოხილვა ამჯერად ჩვენი ინტერესების სფეროში არ შედის. ზოგადად კი აღვნიშნავთ, რომ თავის დროზე აფხაზთა მეფეების ექსპანსიას არგვეთიდან თრიალეთში გამორიდებული ბაღუაშების საგვარეულო XI საუკუნეში უძლიერეს ფეოდალურ კლანად ჩამოყალიბდა, რომლის მეთაურები რამდენიმე თაობის განმავლობაში ოპოზიციაში ედგნენ ბაგრატიონთა ცენტრალისტურ სახელმწიფო კურსს და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ახლადგაერთიანებულ ქვეყანას, სანამ დავით აღმაშენებელმა არ მოშალა და გააუქმა ეს “კრაზანების ბუდე”.

ბაგრატ-ლიპარიტის დაპირისპირება თბილისის საამიროს დაუფლების ნიადაგზე აღმოცენდა, რასაც ჯიუტად ესწრაფვოდა ხარბი ერისთავი, მაგრამ ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდა მეფის გარემოცვა. გაგულისებული ლიპარიტი ამის გამო ხალისით თანამშრომლობდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვინც ამა თუ იმ მოსაზრებით უპირისპირდებოდა სამეფო ხელისუფლებას. სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდა გოროზი ერისთავი ბაგრატ IV ნახევარძმას, ბიზანტიაში გადახვეწილ დემეტრეს და საქართველოში ჩამოიყვანა იგი, რათა მეფე დაემხო და მის ნაცვლად მარიონეტი ბატონიშვილი აეყვანა ტახტზე.

დემეტრეს საქართველოში ჩამოსვლამ, მემატიანის თქმით “განხეთქნა ამის მეფობისა კაცნი: რომელნიმე წარუდგინა დემეტრეს და რომელნიმე დარჩეს ბაგრატის ერთგულებასა შინა”. როგორც ვხედავთ, ლიპარიტმა შინადაპირისპირებას მიაღწია, ახლა საჭირო იყო აქტიური სამხედრო მოქმედება. სწორედ ამ მომენტში, “მატიანე ქართლისა”-ს ცნობით, “მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს, გარდმოიტანა თანა შვიდასი კაცი, და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა და ამით ვარანგითა, მესხნი ვერღარა მოილოდინეს, მოვიდეს და შეიბნეს თავსა სასირეთის ჭალისასა, გაიქცა შიდათ ლაშქარი, და ომსა ამასვე კულა შეიპყრეს აბუსერი, და სხუანიცა დიდებულნი მის-თანა, ვერღარა უძლეს ბრძოლაი ვარანგთა”.

ამ მცირე ცნობამ დიდი თავსატეხის წინაშე დააყენა ქართული და რუსული ისტორიოგრაფია და არაერთი, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრების გამოთქმის საფუძველი გახდა.

პირველი კომენტატორი, ვინც ეჭვი შეიტანა მატიანის ტექსტის ბუნდოვანებაში, ვახუშტი ბატონიშვილი გახლდათ. მისი თქმით, ვარანგები “ბაგრატს მიერთვნენ”. მათგან მეფემ “შიდა ქართველებთან” ერთად გამოიყვანა მხოლოდ შვიდასი მებრძოლი და სასირეთის ჭალაში შეება ლიპარიტს, რომელსაც მხარს უჭერდნენ კახელები და სომეხთა მეფე დავითი. ბრძოლა ბაგრატის დამარცხებით დამთავრდა...

როგორც ვხედავთ, ვახუშტი, “მატიანე ქართლისა”-სგან განსხვავებით, აკონკრეტებს ადრესატს, თუ ვისთან მივიდნენ ვარანგები - ეს იყო ბაგრატ IV. სწავლული ბატონიშვილის აზრით, მეფემ რაღაც მიზეზის გამო აღარ დაუცადა მოკავშირე მესხთა ლაშქარს და ისე შეება მტერს. შიდა-ქართველთა რაზმი ბრძოლაში დამარცხდა. მარტო დარჩენილმა ვარანგებმა მოწინააღმდეგეს ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს.

ქართული მატიანის ტექსტის სისწორეში გასული საუკუნის დასაწყისში დაეჭვდა ცნობილი რუსი ბიზანტიოლოგი ვასილევსკი. იგი საგანგებოდ იკვლევდა იმპერიაში რუსთა დაქირავებული რაზმების ყოფნის ისტორიას და ამ მიზნით საგანგებოდ გააანალიზა რუსულ, ევროპულ და ბიზანტიურ წყაროებში არსებული ცნობები. ცხადია, მეცნიერმა გვერდი ვერ აუარა ქართველი მემატიანის ინფორმაციასაც, თუმცა, ენის უცოდინარობის გამო, დედანში არ იცნობდა მას (ვასილევსკის ხელთ ჰქონდა “ქართლის ცხოვრების” ბროსესეული ფრანგული თარგმანი). 

რუსი მეცნიერი დააეჭვა ერთმა გარემოებამ - მისი ვარაუდით, ვარანგები ბაგრატის კი არა, ლიპარიტის მომხრეები უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალება მას მისცა სიტუაციის ანალიზმა. კერძოდ, ვასილევსკი დარწმუნებული იყო, რომ ბაგრატ IV წინააღმდეგ განწყობილი ბიზანტიის ხელისუფლება ყოველნაირად უჭერდა მხარს მის მოწინააღმდეგე ერისთავს. ასეთ ვითარებაში ნაკლებად სარწმუნო იყო, მეფისთვის ბიზანტიაში ვარანგთა დაქირავებისა და საქართველოში წაყვანის საშუალება მიეცათ. პირიქით - ასკვნიდა მკვლევარი - ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, ლიპარიტისა და დემეტრეს მიერ ბიზანტიიდან შემწედ ჩამოყვანილი ჯარი “მატიანე ქართლისა”-ს ვარანგებთან გავაიგივოთო. 

რაკი ქართული ენის უცოდინარობის გამო მატიანეს ცნობის დეტალური ანალიზი გაუჭირდა, ვასილევსკიმ დასახმარებლად ნიკო მარს მიმართა. ნ. მარმა, რომელიც ქუთაისში იყო გაზრდილი და შესანიშნავად ფლობდა ქართულს, თარგმნა მატიანეს სათანადო მონაკვეთი და სრულიად საპირისპირო დასკვნამდე მივიდა: მისი ინტერპრეტაციით - “პრიშლი ვარანგი ტრი ტისიაჩი ჩელოვეკ ი ონ (ლიპარიტ) პოსტავილ იხ ვ ბაშე, ს სობოიუ ვზიალ (ლიპარიტ) სემსოტ ჩელოვეკ. ბაგრატ იავილსია ს ვოისკომ ვნუტრენნიმ (ს ვოსტოკა იზ ვნუტრენნეი კარტალინიი). ვარანგი (ბივშიე ს ლიპარიტომ) ნე სმოგლი დოჟდატსია მესხოვ, პრიშლი ი ზავიაზალი ბოი (ს ბაგრატომ) ნა რუბეჟე სასირეტსკოი დოლინი. ვნუტრენნეე (პრივედენნოე ბაგრატომ იზ ვნუტრენნეი კარტალინიი) ვოისკო ბეჟალო. ვ ეტოი ბიტვე (ვოისკო ლიპარიტა) ოპიატ ზახვატილი აბუსერა ი ს ნიმ დრუგიხ ზნატნიხ, კოტორიე ნე ოკაზალის ვ სილახ ბოროტსია ს ვარანგამი”. 

აქედან აშკარად ჩანს, ვარანგები არათუ ლიპარიტმა მოიწვია საქართველოში, არამედ მათ სასირეთის ბრძოლაში ერისთავის მხარეზე მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს კიდეც. 

საქრთველოში ვარანგების მოსვლამდე “მატიანე ქართლისა” გვიამბობს, რომ “ლიპარიტ გამოიყვანა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა; ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო.” სწორედ ამას მოჰყვა შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვა და ქვეყნის ორ დასად დაყოფა (“განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი”). მოცემული ცნობის ანალიზიდან სრულიად ლოგიკურად გამოიყურება მარის დასკვნა, რამაც ერთგვარად განამტკიცა ვასილევსკის ეჭვი. რუსმა მკვლევარმა, თავის მხრივ, მოიშველია ბიზანტიური საისტორიო მწერლობა, კერძოდ - გიორგი კედრენე, რომელიც გვიამბობს 1043 წელს კონსტანტინეპოლში რუს სოვდაგრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ. იმ დროისათვის ქალაქში იმყოფებოდა რუს-ვარანგთა დაქირავებული ჯარი, რომელიც იმპერატორის ბრძანებით (ალბათ მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების მიზნოთ) სასწრაფოდ განთესეს იმპერიის პერიფერიებში.

კედრენეს გარდა, ვასილევსკი დაეყრდნო მიქელ პსელოსის ერთ ფრიად საინტერესო ცნობას. ბიზანტიელი ავტორის თანახმად, 1047 წელს, ლეონ-თორნიკეს აჯანყების დროს საიმპერიო ჯარების ერთმა ნაწილმა დახმარება ვერ აღმოუჩინა იმპერატორს, რადგან “ონე ოტპრავილის ვ პოხოდ სამუიუ გლუბინუ ივერიი ოტრაჟაია ნაშესტვიე ოდნოგო ვარვარა”. ვასილევსკიმ მოიძია წყაროებში გაფანტული ყველა ცნობა ბიზანტიაში მყოფი ვარანგების გადაადგილების შესახებ და დაადგინა, რომ მათი ნაწილი სამხრეთ იტალიაში გაუგზავნიათ. მეორე ნაწილი მკვლევარმა საქართველოში აღმოაჩინა და, ლოგიკურად, მისი იქ ჩასვლა ლიპარიტ ბაღუაშის ავანტურას დაუკავშირა. 

ზემოთ აღნიშნული ცნობების ანალიზმა ქართველი ისტორიკოსები სრულიად განსხვავებულ დასკვნამდე მიიყვანა. ი. ცინცაძეს მიაჩნდა, რომ სულაც არაა სავალდებულო “მატიანე ქართლისა”-ს მიერ მოხსენიებული ლიპარიტ ბაღუაშის შემწე ბერძენთა ლაშქრის გაიგივება ვარანგებთან. განსვენებულ მეცნიერს ეს მტკიცება ესაჭიროებოდა იმის საჩვენებლად, რომ ვარანგები ლიპარიტს არ მოჰყოლიან და თუ მათ მაინცდამაინც განდგომილი ერისთავის მიერ მოყვანილად ჩავთვლით, საბოლოოდ მაინც ბაგრატის მხარეს აღმოჩნდნენ და აქედან გამომდინარე, ქართული წყაროს ცნობის მარისეულ კონიექტურას საფუძველი არ გააჩნიაო. 

ი. ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა გეოგრაფიულ პუნქტ ბაშზე (სოფელი რიონის ნაპირას, ქუთაისის მახლობლად, თანამედროვე სამტრედიის რაიონის ტერიტორიაზე) და დაასკვნა - თუ არა ბაგრატის მხარეს მყოფნი, სხვაგვარად ვარანგები იქ ვერ დაბანაკდებოდნენ, რადგან ბაში მეფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდაო. 

მეცნიერმა ასევე მიუღებლად მიიჩნია მარის მიერ მატიანის ტექსტში სიტყვების - “ამით ვარანგითა” შეცვლა სიტყვებით - “ამათ ვარანგთა”, რამაც პრინციპულად შეცვალა აზრი. აღნიშნული რევიზიიის შედეგად გამოდიოდა, რომ ბაგრატი კი არ მოვიდა “შიდათ ლაშქრითა და ამით ვარანგითა”, არამედ “ამათ ვარანგთა მესხნი ვერღარა მოილოდინეს”, ე. ი. ვარანგებმა მესხებს ვეღარ დაუცადესო. მესხთა ნაწილი, მკვლევარის მოსაზრებით, მეფის მხარეს იყო (მაგალითად - აბუსერ არტანუჯელი), ნაწილი კი ლიპარიტს ემხრობოდა.

ვარანგებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებათა სხვადასხვაობა ამით არ ამოწურულა. საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე, მეტად საინტერესო შეხედულება განავითარა ნიკო ბერძენიშვილმა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაიზიარა მატიანის ტექსტის მარისეული შესწორება. მეცნიერმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ ადგილს, სადაც ნათქვამია - “ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა და მისცა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურს უკაზმიდეს, და ეგრეთ ლიხი გარდავლეს”. სულხან-საბაზე დაყრდნობით, ნ. ბერძენიშვილს პაშტი ესმოდა, როგორც ცხრილი, საცერი (ზოგი მკვლევარი პაშტს სომხური წარმოშობის სიტყვად მიიჩნევს, რაც მსახურს ნიშნავს. გაუგებარია, რატომ უნდა გამოეყენებინა ვარანგების ეპიზოდში ქართველ მემატიანეს მსახურის აღსანიშნავად სომხური პაშტი, როცა სხვა შემთხვევებში ყველგან ქართულ სიტყვა მსახურს იყენებს) და გამოთქვა მოსაზრება ლიპარიტის მიერ დამარცხებული ბაგრატის მომხრე დიდებულებისთვის სამარცხვინო სასჯელის დაკისრების შესახებ. კერძოდ, დიდებულები აიძულეს გამარჯვებული ვარანგების წინაშე ცხრილით ხორბალი ეფქვათ და ასე გადაევლოთ ლიხის ქედი.

თუ ჩავთვლით, რომ ვარანგები ბაგრატის მხარეს იბრძოდნენ და დამარცხდნენ, პასუხს მოითხოვს სრულიად ლოგიკური კითხვა - რატომღა მისცა გამარჯვებულმა ლიპარიტმა მოწინააღმდეგეს მსახურნი, ან რატომღა უკაზმა მათ პური და პატივისცემით გაისტუმრა უკან. ი. ცინცაძის ვარაუდით, ამ შემთხვევაში ერისთავმა ანგარიში გაუწია ბიზანტიის ფაქტორს (დაქირავებუილი ვარანგები ხომ იმპერიის სამსახურში იყვნენ) და აღარ გაამწვავა დამოკიდებულება მათთან. ვარაუდის დონეზე ამ მოსაზრების მიღება შეიძლება, თუმცა, მას სათანადო არგუმენტაცია აკლია.

ნ. ბერძენიშვილის მოსაზრება, რომ ვარანგები ლიპარიტს ეხმარებოდნენ, მატიანის კიდევ ერთი ადგილის ახლებურ ინტერპრეტაციას ემყარება. მას მიაჩნდა, რომ სიტყვები - “ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა” ნიშნავს არა იმას, თითქოს ვარანგებმა ვერ გაუძლეს ბრძოლას (ამ გაგებით ისინი ბაგრატის ბანაკში მოიაზრებიან), არამედ იმას, რომ ვარანგებს ვერ გაუძლეს ბრძოლაში დანარჩენებმა. ეს შეხედულება, ჯერჯერობით სადაოდ რჩება ისტორიოგრაფიაში. სამართლიანობა მოიხოვს, აღინიშნოს, რომ, წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით, არცერთ ამ მოსაზრებას წინ გადაულახავი დაბრკოლება არ ეღობება. 

ვარანგთა საქართველოში ყოფნით სხვა მკვლევარნიც დაინტერესდნენ (ვ. კოპალიანი, რ. მეტრეველი, ა. ბოგვერაძე, დ. გოგოლაძე, ლ. ტუხაშვილი, ზ. პაპასქირი, გ. გაბუნია, ჯ. სამუშია...) რომლებმაც არაერთი საყურადღებო მოსაზრება გამოთქვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ლ. ტუხაშვილი, მაგალითად, ვარანგებს ვიკინგებთან აიგივებდა). ნაწილმა გაიზიარა “მატიანე ქართლისა”-ს პოზიცია ბაგრატისა და ვარანგების მოკავშირეობის თაობაზე. სხვებმა ტექსტის მარისეულ შესწორებას და მასზე დაყრდნობით ნ. ბერძენიშვილის მიერ გამოტანილ დასკვნას დაუჭირეს მხარი. გამოთქმულ შეხედულებათა მეტ-ნაკლები საბუთიანობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საკითხი დღემდე ღიად რჩება და წყაროთა დამატებითი მონაცემების გარეშე საეჭვოა, ნათელი მოეფინოს, ვის მხარეს იბრძოდნენ საქართველოში ბიზანტიიდან ჩამოყვანილი დაქირავებული რუსი მებრძოლები...

კაცმა რომ თქვას, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი ისაა, რომ შინაპოლიტიკურ დაპირისპირებებში ქართველები, ხან ცენტრალური ხელისუფლება, ხანაც ოპოზიცია, რეგულარულად მიმართავდნენ უცხო ძალის მოწვევის პრაქტიკას. ასე თარეშობდნენ ქართულ მიწაზე ირანელები, თურქები, ლეკები, ხანაც ჩრდილოკავკასიელები... როგორც ხედავთ, ამ მხრივ არც რუსი “ნაიომნიკები” ყოფილან გამონაკლისი. ასე რომ სულაძაღლებული თეთრი მელას მიერ “ფაშისტი გამსახურდიასგან” “ქვეყნის გადასარჩენად” მოხმობილ ბალტინის კაციჭამიებს ათი საუკუნის წინაც ჰყოლიათ შორეული წინაპრები. 

ისტორიას ბევრი უცნაური კანონზომიერება ახასიათებს, მათ შორის- განმეორებადობა. ამბობენ, ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობსო. უჭკუო?! უჭკუო იმის უჭკუოა, საუკუნეების განმავლობაში იმეორებს ერთი და იმავე სისულელეს. სამწუხაროა, რომ დღესაც ბარე ორი ფშუტე თავია აღერილი და რადგან საკუთარ სიმართლეში ხალხის დარწმუნება არ შეუძლიათ, ისევ მზად არიან გარედან შემოთრეული ძალის დახმარებით დაიკმაყოფილონ ხელისუფლების შენარჩუნების, ან მოპოვების ავადმყოფური ამბიცია,,,

და გემი მიდის! 

საკითხავი მხოლოდ ისაა, საით?!