„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ საუბარი საქართველოს დემოკრატიაზე, ფარისევლობაა.
გვარამიას თქმით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ისაუბრებს ქვეყენაში შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის მომავალი დაიკარგება.
„ყველასთვის გასაგებია, რა ხდება ქვეყანაში. სამწუხაროდ, არ ისმის სათანადოდ ხმამაღლა თქვენი ხმა, პირველ რიგში მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს. საქართველოში დამყარებულია რეჟიმი და ყოველგვარი საუბარი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, მის შემდგომ პერსპექტივაზე არის ფარისევლობა თქვენის მხრიდან. ეს ქვეყანა, დემოკრატიის მხრივ, იმყოფება ღრმა კრიზისში და თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევს საერთაშორისო თანამეგობრობა და არ ისაუბრებს ხმამაღლა, ამ ქვეყნის მომავალი დაიკარგება, ხოლო ევროპისთვის და ევროატლანტიკური სივრცისთვის საქართველო დაიკარგება“,- განაცხადა გვარამიამ.