მართლაც კმარა!

მართლაც კმარა!

აგვისტოს ინფორმაციულად მკვდარი თვე რობერტ სტურუას “მომხსნეს“ აქციით გაცოცხლდა. სექტემბერიც დაიწყო, მაგრამ თემა აქტუალობას არ კარგავს. ინტერნეტ-სივრცეში ბევრი იხალისეს ყველაზე მოკლე ანეკდოტზე: „რურუამ მოხსნა სტურუა“. რუსეთიდან და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებიდან წამოსული პროტესტები ხელისუფლებამ ყურს მიღმა გაატარა, ხოლო 29 აგვისტოს უკვე The Guardian-ში გამოქვეყნდა საპროტესტო წერილი ვანესა რედგრეივის, ალან რიკმანისა და ტელმა ჰოლტის ხელმოწერით.

ახლა იმათ შესახებ, ვინც წერილს აწერს ხელს. ისინი ბრიტანული ხელოვნების კაშკაშა ვარსკვლავები არიან. ბოლოდან დავიწყოთ: ტელმა ჰოლტი მსახიობი და პროდიუსერია, რომლის სიტყვას ანგარიშს უწევენ კონსერვატიულ ბრიტანეთში. სწორედ ტელმა ჰოლტის დამსახურებაა, რომ ლონდონელმა მაყურებელმა რუსთაველის თეატრი გაიცნო 1979 წელს.

ალან რიკმანი – ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, „ოქროს გლობუსისა“ და „ემის“ მფლობელია. ვისთვისაც ეს კატეგორიები უცნობია, მივანიშნებ, რომ 1991 წელს გადაღებულ „რობინ ჰუდის თავგადასავალში“ იგი ნოტინგემის შერიფს თამაშობდა, ხოლო „ჰარი პოტერში“ - სევერუს სნეიპს. წლების განმავლობაში იყო შესული პლანეტის 100 ყველაზე მომხიბლავი მსახიობის ნუსხაში. 

ვანესა რედგრეივი არამარტო უდიდესი მსახიობი, არამედ სამსახიობო დინასტიის წარმომადგენელია. თეატრისა და კინოს გარდა, იგი ცნობილია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. დანარჩენზე რომ არ ვილაპარაკოთ, იგი მძაფრად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთის ომის გამო. 1995 წელს იგი UNISEF-ის კეთილი ნების ელჩად აირჩიეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ვანესა რედგრეივს რომ არჩევანი არ ეშლება, იქიდანაც ჩანს, რომ პირველი ქმარი ტონი რიჩარდსონი ჰყავდა, მეორე კი – ფრანკო ნერო. 

აქ უკვე ნიკა რურუამ იკადრა და პასუხიც გაუგზავნა „გარდიანს“. მართალია, ეს სამი გამოჩენილი ხელოვანი ხაზგასმით მიუთითებდა, რომ სტურუა სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს, მაგრამ რურუას ამაზე პასუხი არ გაუცია; მან თანამედროვე პოლიტკორექტულობის ცოდნით მოიწონა თავი და ამ მონდომებით გართულმა ისეთიც დაწერა, რაც სინამდვილესთან ახლოსაც არ არის: თურმე რობერტ სტურუა სახელმწიფო მოხელე (state employee) ყოფილა! 

აქ არ შეიძლება, არ გაგახსენდეს კიდევ ერთი „სახელმწიფო მოხელე“ ფოტორეპორტიორი აბდალაძე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის გამო გაასამართლეს. სტურუაც ისეთივე „სახელმწიფო მოხელეა“, როგორც აბდალაძე, მაგრამ საბოლოოდ ორივე გაათავისუფლეს: ერთი პატიმრობიდან, მეორე სამსახურიდან.

თუმცა, რურუას შეპასუხებას მივუბრუნდეთ. იგი ხაზგასმით წერს, რომ „სტურუამ რამდენიმე ინტერვიუში ეთნიკური უმცირესობების დამაცირებელი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლის ხილვა საქართველოს პრეზიდენტად მისთვის მიუღებელია. მართალია, სტურუას შემოქმედება ქსენოფობიას არ შეიცავს, მაგრამ მაგრამ მას უკან არ წაუღია საკუთარი სიტყვები. მულტიკულტურულ საქართველოში ამგვარი გამონათქვამები პროვოკაციული და სახიფათოა. თავისუფალი კულტურული გამოხატვის უფლება ქართული ცხოვრების საფუძველია, მაგრამსახელმწიფო თანამშრომლის მიერ ქსენოფობიური გამონათქვამები მიუღებელია“. სწორედ ასე გამოიყურება სააგენტოების მიერ გავრცელებულ ქართულ თარგმანში state employee. 

ნუ ვივაჭრებთ, თუ პირდაპირ სახელმწიფო მოხელეს არა, ეს სიტყვები სახელმწიფოს მიერ დაქირავებულს მაინც ნიშნავს, აქედან კი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება შეიძლება: თუ თქვენ რაიმე სახის ანაზღაურებას იღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თქვენ კარგავთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას (თავისუფლებაზე ლაპარაკიც აღარ არის!). სხვას რას უნდა ნიშნავდეს ეს, როცა რურუა თავადაც ადასტურებს, რომ სტურუას შემოქმედებაში არაფერია ქსენოფობიური?

ოდესღაც, საბჭოთა ეპოქაში ითვლებოდა, რომ თუკი მეცნიერი სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში, სახელმწიფოსავე კუთვნილ საწერ მაგიდასთან რაიმეს გამოიგონებდა, ეს გამოგონება (აღმოჩენა, ნაწარმოები და ა.შ.) სახელმწიფოს ეკუთვნოდა და არა იმ ადამიანს. რობერტ სტურუას იმ საბჭოთა პერიოდშიც კი არავინ უზღუდავდა შემოქმედებით თუ გამოხატვის თავისუფლებას. ახლა, როგორც ჩანს, იმ კარგად დავიწყებულ დროში ვბრუნდებით, როცა მსოფლიო თეატრის კორიფემ არა მარტო სპექტაკლები, არამედ თავისი მოსაზრებებიც რურუას უნდა უთანხმოს.

ახლა ამაყად მოხმობილ ევროპულ ტერმინს – მულტიკულტურალიზმს მივუბრუნდეთ, რომელსაც ასე მოხდენილად იყენებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მოქმედი მინისტრი. გასულ წელს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოთმინების ფიალა აივსო და მან განაცხადა, რომ გერმანიაში მულტიკულტურალური საზოგადოების შექმნის მცდელობები ჩაიშალა. უფრო მეტიც. „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გერმანულად არ ლაპარაკობს, ჩვენთვის არასასურველია“ – დაძინა მან. შემდეგ კი ისიც გაიხსენა, რომ 60-იანი წლების დასაწყისში (როდესაც თავად გდრ-ის მოქალაქე იყო) გერმანია უცხოეთიდან მუშახელს იწვევდა: „დღეს ისინი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ თავს ვიტყუებდით, ვამბობდით, ოდესმე ისინი წავლენ-თქო. მაგრამ სულ სხვანაირად გამოვიდა“. 

საბედნიეროდ, გერმანიაში კულტურის მინისტრად რურუა არ ჰყავთ, თორემ მერკელსაც ქსენოფობად გამოაცხადებდნენ. თუმცა, აქ მეტისმეტი მომივიდა, რურუას ხომ მიხეილ სააკაშვილის რასისტული, სექსისტური და სხვა ამდაგვარი გამონათქვამების შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს! ან იქნებ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან განსხვავებით, პრეზიდენტი სახელმწიფო მოხელე არ არის?  

მოკლედ, ანგელა მერკელი ქსენოფობად არ გამოუცხადებიათ, მის გამონათქვამს მულტიკულტურალიზმის გამოტირება მოჰყვა თითქმის მთელ ევროპაში. ბოლო წლების მოვლენები აჩვენებს, რომ ევროპელებისთვის ტოლერანტულობა კარგია სადღაც სხვაგან, სადაც მათი სამშობლო არ არის, მაგრამ აუტანელია, როცა კათოლიკური ან პროტესტანტული ტაძრის გვერდით „ვიღაც მოსულებს“ (არადა, ხომ თანასწორები არიან?!) მეჩეთის აშენება უნდათ. შვეიცარიამ რეფერენდუმით უთხრა ამას უარი. მსგავსი მაგალითი საფრანგეთშიც იყო - სასწავლო დაწესებულებებში ჰიჯაბის (მუსლიმი გოგონას თავსაფარი) ტარების აკრძალვის სახით. 

მაინც როგორ უნდა შეექმნათ ევროპელებს მულტიკულტურალური საზოგადოება, როდესაც ვერც თავსაფრიან გოგონას იტანენ გვერდით და ვერც სხვის სალოცავს? და რა თქვა ისეთი მერკელმა, რაც სინამდვილეში ისედაც ასე არ იყო? ბოლო წლებში ერთმანეთის მიყოლებით გაძლიერდა ნაციონალისტური (და არა მულტიკულტურალური) განწყობილებები ბელგიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ფინეთში და დანარჩენ ევროპაში. ახლა, როცა ევროპაში საკუთარი თვითმყოფადობის დაცვისკენ მოტრიალდნენ, მულტიკულტურალიზმის გაცვეთილი second hand რურუას ხელით ინერგება საქართველოში. 

აზრის გამოხატვას არავითარი კავშირი არა აქვს ქსენოფობიასთან.
სხვა ერებთან თანაცხოვრებას საქართველოს ვერც ერთი ევროპელი ვერ ასწავლის, მაგრამ პოლიტკორექტულობის მოტივით გამოხატვის თავისუფლების დარღვევის უფლება არავის აქვს – არც მინისტრს და არც პრეზიდენტს.
მართლაც კმარა! 

P.S. 8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრი ღირსების ორდენს გადასცემს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენოგრაფს დავით მონავარდისაშვილს და ამავე თეატრის ტექნიკურ დირექტორს ზურაბ ლომიძეს. როგორც წესი, ღირსების ორდენებს პრეზიდენტი გადასცემს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ეს მისია რურუას ერგო. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს დაჯილდოება რობერტ სტურუას მოხსნის სკანდალის გადაფარვას ემსახურება, ხოლო რურუა კულტურის მოღვაწეებზე მზრუნველი მინისტრის ამპლუაში უნდა მოგვევლინოს.