არჩევანი მე!

არჩევანი მე!

ბლოგს ერთი ძალიან კარგი მახასიათებელი აქვს - ზუსტად გაგრძნობინებს იმ ადამიანების განწყობას და განწყობილებას, რომლებიც კონტაქტში შემოდიან. იმასაც, თუ რომელი თემაა მტკივნეული საზოგადოებისთვის. თუ სუბიექტურ დამოკიდებულებებს არ ჩავთვლით, დღეს ყველაზე საფრთხილო საზოგადოებაში დაბუდებული შეურიგებლობა და შურისძიების წყურვილია.

შურისძიების კულტი წარჩინებით დანერგა ჰოლივუდის მდარე კინოპროდუქციამ. ფორმულა “ბოროტმა სძლია კეთილსა” შეცვალა ფორმულამ “გმირმა სამაგიერო გადაუხადა ყველას’’. ამას რომ ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო - ცხადია. ასე იქმნება სამართლიანობის ილუზია. ზოგადად, შეურიგებლობა და ანგარიშის გასწორების წყურვილი არის ის, რაც ასაზრდოებს ნებისმიერ რევოლუციას, იმის მიუხედავად, თუ როგორ შეფუთავენ და რას დაარქმევენ მას. 

“ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი’’ - ეს საბჭოთა ფორმულა დღესაც ცოცხალია. მეტიც - თანამედროვე ლიბერალებიც ამავე ფორმულას მისდევენ. ეს უკვე ადამიანის ყოვლისშემძლეობის ილუზიაა. 

“ყოველივე შეიძლება გონით შეიმეცნო” - ესეც ილუზიაა, რადგან რასაც აინშტაინი შეიცნობს, მასზე მიყურადებული ასინეთას გონებაში ის ვერასოდეს იქცევა ცოდნად. უფრო მეტიც - არავინ იცის დაზუსტებით, რამდენ ხანს გასტანს ნებისმიერი სამეცნიერო თეორიის მეფობა. პერიოდულად ცნობილი ხდება, რომ ადამიანის გონებაში მომწიფებული სურათი სულაც არ ყოფილა სამყაროს ადეკვატური. 

არის ასეთი ანეკდოტი ხუთ ჭკვიან ებრაელზე – მოსემ თქვა: “ყველაფერი ღმერთისგანაა!’’ იესომ - “ყველაფერი გულიდანაა!’’ მარქსმა - “ყველაფერი სტომაქიდანაა!’’ ფროიდმა - “ყველაფერი სექსიდანაა!’’ აინშტაინმა თქვა: “ძმებო, ყველაფერი ფარდობითია!’’

“ჩემს შემთხვევაში მე ვირჩევ ყოველთვის და ყოველთვის მე ვწყვეტ, ვის გვერდით დავდგე!” - მომწერა ერთ-ერთმა ანონიმმა. ეს კომენტარი იმას მოჰყვა, რომ ზოგიერთი ადამიანის გვერდით ჩემი დგომა გააპროტესტა. კერძოდ ის, რომ ჩემი პასუხი ასე გამოიყურებოდა: “განა ჩვენ ვირჩევთ, ვის გვერდით ვიყოთ? ალბათ, კი, მაგრამ არჩევანი შეზღუდულია; ჩემთვის რომ ვინმეს ეკითხა, სულ სხვა “კოლექტივს’’ ვისურვებდი, მაგრამ მოცემულობა სულ სხვაა…”

როგორც ჩანს, ბრჭყალებში ჩასმულმა სიტყვა კოლექტივმა ვერ თქვა ის, რასაც ვგულისხმობდი. მეგობრებსა და ურთიერთობებზე უარი არასოდეს მითქვამს. მაშინაც კი, როცა ეს საფრთხილო ან საშიში იყო. ამჯერადაც ის ვიგულისხმე, რომ ჩვენ არ ვირჩევთ სამყაროს; არ ვირჩევთ ეპოქას, რომელშიც ვიბადებით; არ ვირჩევთ ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით და ჩვენს დროში ცხოვრობენ. “კოლექტივი”, რომელსაც ვისურვებდი, იქნებოდა მაცხოვარი, გაუტამა ბუდა, ქეთევან წამებული, იოანე მოციქული, შოთა, ილია, გალაკტიონი, ერეკლე, დავით ბატონიშვილი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, ხარისჭირაშვილი, რომელმაც ფლემინგამდე საუკუნეებით ადრე მიაგნო ჭირის ვაქცინას და სხვა ათასი უსახელო ადამიანი, რომლებმაც ჩვენს ყოფნას შეუქმნეს წინაპირობა (ან პირიქით, მათი ნამოქმედარის მიუხედავად, ჩვენ დღეს მაინც ვარსებობთ). ეს სია გრძელია, მაგრამ ამგვარი არჩევანი ჩვენთვის არავის მოუცია. მხოლოდ ბულგაკოვს შეუძლია მთვარის ბილიკზე ერთად ასეირნოს იეშუა და პილატე. ჩვენ – მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაიმე. მთავარია, ჩვენი წარმოდგენების ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ და რეალური ცხოვრება ვირტუალურით არ ჩავანაცვლოთ.

“ვერ დავუჯერებ ბეჟუაშვილის მეგობარსა და პარტნიორს. ასევე, არ მჯერა ბევრი ვითომ ოპოზიციონერის, რომლებიც ხელისუფლების ელიტის მეგობრები არიან… მიტინგზე, მერე – ნაც-ელიტასთან ტუსოვკაზე და ა.შ.” - წერს ანონიმი. 

ძნელია შეეკამათო. მე თვითონ დამისვამს ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის შეკითხვა: დღეს რომ მერაბიშვილი ოპოზიციაში გადმოვიდეს, მიიღებთ-მეთქი? პასუხი არ არის. 

- ტომ! 
- პასუხი არ არის. 

მეგობრობას რაც შეეხება, რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა გივი თარგამაძემ პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყა, ჩემთან შალვა რამიშვილი მოვიდა და მისი უფლებების დაცვა მთხოვა. ცხადია, თარგამაძე არავის დაუპატიმრებია და მისი დაცვაც არ გახდა საჭირო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რევოლუციის შემდეგ, მალევე, თავად შალვა გუშინდელმა მეგობრებმა დააპატიმრეს და გივი თარგამაძეს სიტყვა არ დაუსველებია მის დასაცავად!

ასეც ხდება ხოლმე. სხვაგვარადაც ხდება, საბედნიეროდ. როცა გეგა მგალობლიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ეს ბევრს სასაცილოდ არ ეყო. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ბევრი სახელმწიფო მოხელე გახსოვთ, რომელიც დამცირებას არ შეეგუა და წავიდა?

ერთმა ადამიანმა, რომელსაც პატივს ვცემ და ვაფასებ, ამას წინათ მითხრა, რომ კახა ლომაია კიდევ გამოადგება საქართველოს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. რა ვქნა, აღარ ვიურთიერთო ამ ადამიანთან? დრო გამოაჩენს, ჩვენგან რომელი ცდება. ერთ-ერთი რომ ცდება, ეს უდავოა.

პროკრუსტეს სარეცელში ყველაფრის ჩაჭეჭყვა არ არის გონივრული საქციელი. მხოლოდ ნორჩ ასაკში შეიძლება, გეგონოს, რომ ყველაფერი შეგიძლია და ერთადერთი ჭეშმარიტების მფლობელი ხარ. ცხოვრება რომ ისეთივე მარტივი იყოს, როგორც ამერიკული კინო, ის საინტერესოც აღარ იქნებოდა. დაჯგუფება “კარგებად” და “ცუდებად” კინოშიც კი აღარ ამართლებს და ამიტომაც არის, რომ ჰოლივუდში დადებით გმირს აუცილებლად “მატებენ” რამდენიმე უარყოფით თვისებასაც, რომ იგი დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. 

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ის, რაც გვგონია, რომ კარგად ვიცით; არ განვსაჯოთ (ღმერთის ადგილის დაკავებას ნუ ვეცდებით), არ გვძულდეს (არადა, რა ძნელია, განსაკუთრებით, როცა სიძულვილის სრული საფუძველი გაქვს!), არ ვეცადოთ სხვის გადაკეთებას (ისევ საკუთარი კომფორტისათვის). ასეთი “არ” არც ისე ბევრია, მაგრამ ჩვენ ხომ დაგვაჯერეს, რომ ჩვენ ვმართავთ სამყაროს, რომ ღმერთი მოკვდა, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და ა.შ. და ა.შ.

უპრინციპობას არ ვქადაგებ. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ პრინციპები არ დამითმია. ვინც არ მიცნობს, ისინიც კი მეტისმეტად პრინციპულად მიმიჩნევენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ერთის თქმა შემიძლია: ჩემი განსხვავება გუშინდელ ოპოზიციონერებსა და დღევანდელ გააზნაურებელ მდაბიოებს შორის, სხვა მრავალთან ერთად ისიც არის, რომ მე არც მაშინ მძულდნენ ისინი, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერს კადრულობდნენ და არც ახლა, როცა ისინი თავად არიან ხელისუფლებაში. 

მათ კი, მაშინაც ვძულდით და დღესაც ვძულვართ. 

ეს არის და ეს.