გაგარინი გამოფენაზე

გაგარინი გამოფენაზე

საქართველოს ეროვნულმა არქივმა მის ფოტოგანყოფილებაში დაცული რუსი ფერმწერისა და არქიტექტორის, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის გრიგორი გაგარინის ნახატების ფოტორეპროდუქციების მიმოხილვა გამოაქვეყნა .

არქივის ცნობით, ფოტორეპროდუქციები სამ ალბომშია გაერთიანებული და მოიცავს 82 პოზიტივს. ინფორმაცია ამ ალბომების შესახებ ეროვნული არქივის ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.

გრიგორი გაგარინი, როგორც სამხედრო პირი, 1848 წლიდან მივლინებული იყო თბილისში, სადაც გაეცნო ქართულ კულტურას და შემდგომში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. მოხატა სიონის ტაძარი და განაახლა მისი კანკელი. გააფორმა ახლად აგებულ ქარვასლაში განთავსებული თეატრი და მოხატა მისი ფარდა. ქარვასლა და თეატრი ხანძარმა გაანადგურა 1874 წელს და მისი მოხატულობა ჩანახატების სახით შემორჩა. მისი უშუალო მონაწილეობით მოწესრიგდა ბეთანიის ტაძარი, გაიწმინდა და გამაგრდა ფრესკები.

არქივში დაცულია გრიგორი გაგარინის მიერ შესრულებული პორტრეტების, კავკასიელთა ტიპების, ქართული, ძველი რუსული ორნამენტებისა და არქიტექტურული ძეგლების ფოტორეპროდუქციები. ახტალის, მანგლისის, სიონის ტაძრების, ასევე, თესალონიკის, ვენეციის, ბადენ-ბადენის, სხვა ქრისტიანული ტაძრების, ქარვასლისა და თბილისის თეატრის მოხატულობის ფოტორეპროდუქციები.