რატომ დუმს პატრიარქი?

რატომ დუმს პატრიარქი?

საყოველთაო ნიჰილიზმისა და სასურველი ცვლილებების მოლოდინში ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ქართულ საზოგადოებაში. ადრე აქტუალური იყო კითხვა: “ვის გავყვეთ?” ჯაბა იოსელიანის პასუხის შემდეგ ამგვარი ფორმულირება პოპულარული აღარ არის.

ტრამვაის გაყევითო - ბრძანა ჯაბამ, მაგრამ ტრამვაის ხაზები რევოლუციონერებმა აყარეს და ეს გზაც გადაკეტილი აღმოჩნდა. თუმცა, უგულავამ კვლავ დაიწყო ლაპარაკი ტრამვაის ახალი ხაზების გაყვანაზე და, მოსალოდნელია, რომ სამ წელიწადში მასაც გაყვება ვინმე.

ვიღაცას გზა აებნა და ასი ათასი კაცი სააკაშვილის ნაცვლად პატრიარქთან მიიყვანა. ახლა, იმის ნაცვლად, წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ თავში ეძებდნენ, ისევ სხვისკენ იშვერენ ხელს.

- რატომ დუმს პატრიარქი?

სხვანი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, ზოგს ხატს აჩუქებს, ზოგს კი წიგნს. აბა, პატრიარქი საპარლამენტო მანდატებს ხომ არ დაარიგებს?!

- რატომ დუმს პატრიარქი?

რამდენჯერაც ერი დამოძღვრა, იმდენჯერ მოიძებნენ ლიბერალური დემოკრატიის ქომაგები და შეიცხადეს: - ეკლესია საერო საქმეებში არ უნდა ჩაერიოსო! იმის ნაცვლად, ქადაგებიდან და ეპისტოლეებიდან აზრი გამოეტანათ, იმას ცდილობდნენ, რომ ეკლესია და ერის სულიერი მოძღვარი სათავისოდ გამოეყენებინათ (ეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანაბრად ეხება, მცირე გამონაკლისის გარდა).

ხმამაღლა არ ამბობენ, თორემ პატრიარქის ავტორიტეტით ხელისუფლების გასტუმრება მართლაც ჯეკ პოტის მოხსნა იქნებოდა მათთვის. თანაც ისე, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მისი ხელდასხმით მოხდეს, ხოლო ძალაუფლების აღებისთანავე კვლავ ადგილი მიუჩინონ ეკლესიას: - საერო საქმეებში ნუ ჩაერევაო! 

საერო სახელმწიფოს ბომონზე მლოცველ ლიბერალებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაზე “საერო’’ სახელმწიფო საბჭოთა კავშირი იყო. დღეს ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენლები მართლმადიდებელ ეკლესიას “ბოლშევიზმის გადმონაშთს’’ უწოდებენ. ეს იგივეა, ანა ფრანკს რომ ნაციზმის გადმონაშთი უწოდო! 

ჩვენი დასავლელი მეგობრები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ საქართველოში გამოკითხულთა 85% მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ენდობა. შფოთავენ იმის გამო, ხომ არ არის ეს ფუნდამენტალიზმის ნიშანი. სამაგიეროდ, არ შფოთავენ იმაზე, რომ მმართველ პარტიას საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის 120% უჭერს მხარს. 

ფრანგული რევოლუციის მიერ სეკულარიზმის დროშის ატაცებას დასავლური ქრისტიანობის მიერ ევროპის სახელმწიფოთა მართვა-გამგეობაში სისტემატური ჩარევა უძღოდა წინ. მეფეები და მთავრები ვატიკანის ხელდასხმით მართავდნენ ევროპის ქვეყნებს. პროტესტანტობაც სწორედ ვატიკანის უსაზღვრო კონტროლის საპირისპიროდ დაიბადა. არანაირი საჭიროება დასავლური სეკულარიზმის გავრცობისა საქართველოზე არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ერეოდა საერო მართვაში, მაგრამ ამავე დროს არც ერთი წამით არ იყო მოწყვეტილი მისი ერის საჭიროებებსა და განსაცდელს. 

- რატომ დუმს პატრიარქი?

ერთხელ, ბავშვობაში ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ ედო გამზადებული ფუთა კართან იმ შემთხვევისათვის, თუ დასაპატიმრებლად მოვიდოდნენ. “მანქანის ხმის გაგონებაზე დავკოცნიდი მძინარე ბავშვებს და ფუთას ავიღებდი. რამდენჯერ ყოფილა, რომ წავუყვანივარ თვალახვეული, გზა რომ არ დამემახსოვრებინა. კიბეზე რომ ამიყვანდნენ, მაშინ ვხვდებოდი, რომ ამჯერადაც გადამარჩინა უფალმა. ბინაში რომ შემიყვანდნენ, თვალს მერე-ღა გამიხსნიდნენ; ან ბავშვი იყო მოსანათლი, ან მიცვალებული გასაპატიოსნებელი. ბობოლა ბოლშევიკები რომ იყვნენ, ასეთი უჩუმრობითაც ვხვდებოდი და კედელზე ბელადების სურათებითაცო’’.
- მაგათ ან ბავშვს როგორ უნათლავდი, ან წესს როგორ უგებდი-მეთქი! - ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.
- ბაბუ, მღვდელმა როგორ შეიძლება ნათლობაზე და წესის აგებაზე უარი უთხრას ადამიანს?!, - მიპასუხა.

ჩემს ბავშვურ აღშფოთებას ჰგავს დღევანდელი დრტვინვაც: - რატომ დუმს პატრიარქი? რატომ ასაჩუქრებს იმას, ვინც ჩვენს თვალში დასასჯელია? 

იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია; ყველასი - კარგებისაც და ცუდებისაც, ცოდვიანებისაც და მართლებისაც. იგი სხვადასხვა კლასში ვერ ჩაგვრიცხავს და ვერც სამტრედიის სპეცსკოლაში გაგვამწესებს. სიტყვამ მოიტანა და, მაცხოვარი გვასწავლის, რომ ზოგჯერ მონანიე ცოდვილი უფრო ძვირფასია უფლისათვის. აი, სინანულის ხარისხს კი ჩვენ, საერო ადამიანები ვერავის ავუწონით. თუ გაყოფაა, - გაყოფა იყოს: ეკლესია თუ არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში, მაშინ ჩვენ რა უფლებით უნდა ჩავერიოთ ეკლესიის საქმეებში?

პატრიარქზე თავდასხმების პირველი ტალღისას ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეკლესია დარჩა ერთადერთ სივრცედ, რომელშიც საქართველოს სხეული მთლიანია. რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე ორი სახელმწიფოს აღიარების მიუხედავად, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ეპარქიები კვლავ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისასაც ასეა: პატრიარქის ერთ სიტყვას შეუძლია გამოიწვიოს ქართული სულიერი სივრცის დაშლა და გათითოკაცება, როცა ერი უკვე აღარ არის ერი, არამედ ატომიზებულ საზოგადოებად იქცევა. ყველაზე კარგად ეს სწორედ პატრიარქმა იცის. 

პატრიარქი არ დუმს. ჩვენ გვაქვს დახშული ყურიც და გულიც, თორემ იმას მივხვდებოდით, რომ მისი ნათქვამი ხელისუფლებასაც ეხება, ოპოზიციასაც და ჩვენც - ხალხს.