„გაზპრომისა“ და ირანის საკითხებით შეშფოთებულმა აზერბაიჯანმა, პრემიერი ღარიბაშვილი ბაქოში მიიწვია

„გაზპრომისა“ და ირანის საკითხებით შეშფოთებულმა აზერბაიჯანმა, პრემიერი ღარიბაშვილი ბაქოში მიიწვია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტზე აზერბაიჯანული მედია წერს. სააგენტო haqqin.az აღნიშნავს, რომ ქართულ მხარეს „სოკარის“ მონოპოლიის დასრულება სურს, რამაც ბაქოს ოფიციალური პირები შეაშფოთა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრემიერის ვიზიტი ოფიციალური ბაქოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საქართველოში „გაზპრომთან“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პარალელურად, მაშინ, როცა რამდენიმე ქართველმა ოფიციალურმა პირმა საქართველოს ხელისუფლების გეგმების შესახებ განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზისგან დამოკიდებულობის შემცირებას აპირებს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აუცილებლად გაიმართებოდა მაღალი დონის შეხვედრა სავარაუდო იყო.

„გაზპრომის“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია იხსენებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ირანულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ გააჟღერა ინფორმაცია. ამას თან დაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისის მოადგილის დავით დონდუას განცხადება, რომ თბილისში ირანის საკითხთან დაკავშირებით დახურული კონფერენცია გაიმართა, სადაც რეგიონში ენერგოუსაფრთხოების შესახებ და საქართველოს ტრანზიტულ პოტენციალზე ისაუბრეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ ქართულ მხარეს „სოკარის“ მონიპოლიის დასრულება სურს.

„დონდუამ ღიად და საჯაროდ აღიარა, რომ თბილისი და თეირანი გაზის დივერსიფიცირებაზე საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და სურთ, საქართველოში გაზის მიწოდების კუთხით "სოკარის" მონოპოლია დაასრულონ. ვითარების ამგვარმა შემობრუნებამ ოფიციალური ბაქო შეაშფოთა და ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში მიწვევა სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც ირანსა და „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ გახდა ცნობილი. არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოს პრემიერს აეროპორტში ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი დახვდა“, - წერს haqqin.az.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ენერგორესურსების დივერსიფიცირების მცდელობა სწორი ტაქტიკაა, რომლის მიზანიც ალტერნატიული წყაროების მოძებნა და პროდუქციის დაბალ ფასად შესყიდვაა.

"მაგრამ მაშინ, როცა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით და სამეკავშირეო ურთიერთობების გამო აზერბაიჯანი საკმაოდ დაბალ ფასად ყიდის გაზს, რამდენად სწორია ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ირანისა და რუსეთის დახმარებით, რომელთანაც ის საომარ ვითარებაში იმყოფება, ტარიფის კიდევ უფრო დაწევის მიზნით, აზერბაიჯანზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს", - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემა არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სულაც არ უკავშირდება კომერციულ ინტერესებს და უბრალოდ, რუსეთი ცდილობს, ევროპის მიმართულებით ყველა კასპიის ენერგორესურსები კონტროლ ქვეშ აიყვანოს.