სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის შეფასებით, "NDI"-ის კვლევები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის კეთდება.
კახიშვილის თქმით, მას აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით, როგორც არასამთავრობო სექტორში ყოფნისას, ასევე, მინისტრობის დროს ერთი პოზიცია გააჩნია.
"დეტალურად ვერ გავეცანი აღნიშნულ კვლევას, ამიტომ კონკრეტული კომენტარისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ჩემი დამოკიდებულება ამ კვლევების მიმართ იცით არამხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ, მაშინაც, როდესაც წარმოვადგენდი არასამთავრობო სექტორს. ზოგადად, ვთვლი, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ასეთი კვლევები გამოიყენება, ძირითადად, ხალხის აზრის დამკვიდრებაში. ძირითადად, ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, ამდენი მოთხოვნის შემდეგ, რატომ არ შეცვალა "NDI"-მ თავისი კონრაქტორი კომპანია, რომელიც ახორციელებს კვლევებს. ერთხელ ხომ შეიძლება დაუშვან გამონაკლისი. აქ არ არის მხოლოდ "NDI"-ზე საუბარი. ნებისმიერი კვლევა, ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის კეთდება", - განაცხადა კახიშვილმა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და CRRC–საქართველომ მედიას მიმდინარე წლის აგვისტო–სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგენა. გამოკითხვა, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.