„რეფორმები, რომელიც სამინისტროში გატარდა, უპრეცენდენტოა, რადგან დღეს სახელმწიფო პატიმარზე ზრუნავს“

„რეფორმები, რომელიც სამინისტროში გატარდა, უპრეცენდენტოა, რადგან დღეს სახელმწიფო პატიმარზე ზრუნავს“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას უწყების მუშაობის 3-წლიანი ანგარიში წარუდგინა.

მინისტრის თქმით, უწყება ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას პასუხობს, რაც ბოლო 3 წლის მანძილზე გატარებული რეფორმების შედეგია.

„ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრიდან მიიღო გამოწვევა, აირჩია განვითარების რთული გზა და აიღო გამჭვირვალე, ლიბერალური კურსი, რომელიც პატიმართა უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მათთვის პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი მთავარი მონაპოვარი, გარდა რევოლუციური ცვლილებებისა, რომელიც სისტემაში განვახორციელეთ, არის ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული ნდობა და უწყების ახალი იმიჯი, რომელიც დღეს ყველა თანამედროვე სტანდატრს და მოთხოვნას პასუხობს. რეფორმები, რომელიც გავატარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტოა თავისი არსით, რადგან დღეს პატიმარზე ზრუნავს სახელმწიფო. ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, რომელიც მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებთან ერთად, უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას იმ საკანონმდებლო თუ სხვა ხასიათის რეფორმებზეც ისაუბრა, რომელთა შედეგადაც, გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. კახი კახიშვილმა ასევე ის ძირითადი კომპონენტები გამოყო, რომელზეც სამინისტრო 3-წლიანი მუშაობის პერიოდში აკეთებდა აქცენტებს.

„ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც სამინისტრო 3 წლის განმავლობაში აკეთებდა ძირითად აქცენტებს. ესენია: მართვის სისტემის გაუმჯობესება და მმართველი რგოლის კონსოლიდაცია. სასჯელაღსრულების სისტემის ინტეგრირება ცენტრალურ აპარატთან. სწორედ ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით, რომ პენიტენციური დეპარტამენტი გაუქმდა და დაექვემდებარა სასჯელაღსრულების სამინისტროს. გავაუმჯობესეთ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და პირობები, დავიწყეთ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადაყვანა. ასევე, დავიწყეთ C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობა, დავნერგეთ კვების ახალი სტანდარტი, გავზარდეთ პაემნების რაოდენობა, დავასაქმეთ 380-მდე პირობითი მსჯავრდებული, დაინერგა არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა“, - განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრის ანგარიშის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის მიერ მიღწეულ სხვადასხვა შედეგზე.