სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილის თქმით, მუშავდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ნივთები და მიიღონ ანაზღაურება.
როგორც კახიშვილმა სასჯელაღსრულების უწყების 3 წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსჯავრდებულთა დასაქმება და საზოგადოებაში მათი წარმატებული რეაბილიტაციაა.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში გაიხსნა საწარმოები, სადაც მსჯავრდებულები დასაქმებულნი არიან და იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაკეთდა, არის მაკარონის მწარმოებელი საწარმო და ხის გადამამუშავებელი საამქრო, სილამაზის სალონი. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ჩაირიცხონ სამეურნეო მომსახურებაში, სადაც ისინი შეასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოს. აღნიშნული მომსახურების გაწევაში ისინი იღებენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც უნაღდო ანგარისშწორების სახით, მათ პირად ანგარიშზე ირიცხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზადდება ბრძანების პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ პენიტენციური სისტემის გარეთ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება“, - განაცხადა კახი კახიშვილმა და აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა აშშ-ს მთავრობას, ევროკავშირსა და ევროსაბჭოს გადაუხადა.