„არის შემოთავაზება, რომ პარტიების წესდებების ცვლილებების პროცესში ნოტარიუსი ჩაერთოს“

„არის შემოთავაზება, რომ პარტიების წესდებების ცვლილებების პროცესში ნოტარიუსი ჩაერთოს“

იუსტიციის სახლში არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე მინისტრმა ჟურნალისტებათან განაცხადა, დღევანდელი სხდომა საარჩევნო კანდიდატებისთვის ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნას ეძღვნება. წულუკიანმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებსაც დღევანდელი სხდომა დაეთმობა.

პირველი ასეთი საკითხი პოლიტიკური პარტიების წესდებების საკითხში ცვლილებების განხორციელების წესს შეეხება.

„შემოსულია მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდეს. საუბარია იმაზე, რომ ხანდახან პოლიტიკური პარტიები, თავიანთ წესდებაში ისე ახორციელებენ ცვლილებებს, რომ ამისთვის ნოტარიუსის დასტური საჭირო არ არის და შემდეგ ხდება ხოლმე თავმჯდომარეების, მმართველი პირების ცვლილება ისე, რომ პარტიის წევრები ერთმანეთს არ ეკითხებიან და გადაწყვეტილების მიღება კოლეგიალურად, ან კანონით დადგენილი წესით არ ხდება. არის შეთავაზება და ამას განვიხილავთ დღეს, რომ ნოტარიუსი ცვლილებების პროცესში ჩაერთოს და ეს იყოს დამოწმებული პროცედურა“, - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, მეორე საკითხი, რომელსაც კომისია განიხილავს, საგარეჯოში მიმდინარე მოვლნებია.

„მედიის საშუალებით შევიტყეთ, რომ მაჟორიტარის შეხვედრაზე, ერთ-ერთი კანდიდატი მეორე კანდიდატის შეხვედრაზე შეიჭრა. ჩვენ ეს კულტურა დიდი ხანია დავასრულეთ, როცა ერთმანეთის შეხვედრაზე იჭრებოდნენ კანდიდატები“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი ერთმანეთის კონკურენციაში მყოფ ყველა კანდიდატს მოუწოდებს, ერთმანეთს ჯანსაღი შეჯიბრი აცალონ. მისი თქმით, ხალხი საარჩევნო ურნასთან გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა გახდეს პარლამენტის წევრობის ღირსი. მესამე საკითხი, რასაც დღეს კომისია განიხაილავს, ისევ საგარეჯოს ეხება.

„ერთ-ერთ კანდიდატს მედიის საშუალებით წარმოდგენილი აქვს პრეტენზია, რომ მისი შეჯიბრის პირობები კონკურენტებთან თანაბარი არ არის. ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ და ბოლოს, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საგარეჯოში, ერთ-ერთი კანდიდატის ანგარიშები აქვს დაყადაღებული კრედიტორს, რომელიც გახლავთ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ჩვენ ინვესტორთან ვაწარმოეთ მოალაპარაკებები და დღეს იმედი მაქვს ქალბატონი ქალდანი, როგორც კრედიტორი, მომცემს უფლებას, რომ ყადაღა პირველ ნოემბრამდე მოიხსნას“, - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა იმართება. სხდომაში მონაწილეობენ კომისიის წევრები, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების და სხვა პოლიტიკური პარტიების ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.