ვანო მაჭავარიანი:   ფიქრია ჩიხრაძემ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატრონი და ძალა გამოიცვალა

ვანო მაჭავარიანი: ფიქრია ჩიხრაძემ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატრონი და ძალა გამოიცვალა

პრეზიდენტის მრჩეველთა ჯგუფი საკმაოდ ეკლექტური გამოდის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, რითაც ქვეყნის პირველი პირის მიერ პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნას გამოეხმაურა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე ჩიხრაძის წარდგენა მოულოდნელი იყო.

"ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან არ ვიცოდი, თუ ასე კარგად იცნობდა პრეზიდენტი ფიქრია ჩიხრაძეს. ზოგადად, საკმაოდ ეკლექტური გამოდის მრჩეველთა ჯგუფი - ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ეტყობა აქვს მიზეზი, რის გამოც სჭირდება ფიქრია ჩიხრაძის გამოცდილება და ცოდნა. რამდენად შეეწყობა ის ადმინისტრაციას, იქაურ საჭიროებებს და თვითონ პრეზიდენტს, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტმა ფიქრია ჩიხრაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის შეარჩია. ვფიქრობ, ის იქნება ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც შიდაპოლიტიკურ თემებზე ისაუბრებს საზოგადოებასთან. რამდენად მოხდება საზოგადოების მხრიდან მისი ასოცირება პრეზიდენტთან, მაშინ როცა ფიქრია ჩიხრაძემ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატრონი და ძალა გამოიცვალა, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება. მე მას წარმატებას ვუსურვებ, ისე როგორც პრეზიდენტს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის დღეს თავად ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.