პრეზიდენტს პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერება ნამდვილად სჭირდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი პრეზიდენტს პოლიტიკურ ძალებს შორის "სწორი ბალანსის უზრუნველყოფაში მიეხმარება".
"პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერება პრეზიდენტს ნამდვილად სჭირდებოდა, თუნდაც იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და პარტიულ თამაშებსა და პარტიულ პოლიტიკაში არ გაერიოს. ამისთვის მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც სწორი ბალანსის უზრუნველყოფაში მიეხმარება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნას, პოლიტოლოგის შეფასებით, ის მისაღები კანდიდატურაა, რადგან "ჩიხრაძე ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც პოლიტიკურ წუმპეში არ გასვრილა".
"იმ პოლიტიკური პარტიის წარმატება-წარუმატებლობა, რომლის წარმომადგენელიც ფიქრია ჩიხრაძეა, ჩემი აზრით, ჩრდილს არ აყენებს მის ბიოგრაფიას და პოლიტიკურ გამოცდილებას. ფიქრია ჩიხრაძე ძალიან გამოცდილი და წესიერი ადამიანია. მის თვალწინ გაიარა ამ ქვეყნის ისტორიამ და ძალიან კარგად იცის ის სუსტი ადგილები, რაც ახასიათებს მოვლენების განვითარების ლოგიკას. ვფიქრობ, ის საინტერესო ფიგურაა, რომელიც ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელმაც შეინარჩუნა სისუფთავე, მაშინ, როცა ქართული პოლიტიკის წუმპეში ყველა გაისვარა (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად). ეს ძალიან დასაფასებელია. ასე რომ, საინტერესო გადაწყვეტილებაა და მე მას ვუსურვებ წარმატებებს", - განმარტა გია ხუხაშვილმა.
პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის დღეს თავად ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.