ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ

ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ "გაზპრომის" თემაზე უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება

"გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციის მოპოვება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, "გაზპრომთან" ურთიერთობის თემა თემაა, რომელზედაც განსხვავებული აზრი საქართველოში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს თუ ქართულ საზოგადოებას ძნელად შეიძლება ჰქონდეს.

"ჩვენ ამ კუთხით არა მარტო ჩვენი მწარე გამოცდილება გვაქვს, არამედ გვაქვს ჩვენი პარტნიორების და ევროპული გამოცდილებაც, რომდესაც "გაზპრომის" გამოყენება ხდებოდა პოლიტიკურ იარაღად. რაც შეეხება პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და, რომელიც არ არის მაინცდამაინც გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულია, რომ აქტიურად მივიღოთ ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზეერბაიჯანთან, ეს ურთიერთობებია როგორც პოლიტიკური, ასევე ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ამ ურთიერთობებს გაუფრთხილდეს.

"დღევანდელი მოცემულობით, არავითარი აუცილებლობა ე.წ. დივერსიფიცირების და დაჩქარების არ არსებობდა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ერთგვარად დივერსიფიცირებულიც არის გაზი, რომელსაც ჩვენ აზერბაიჯანიდან ვიღებთ. არანაირი საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ამ გაზის ნაკადის შემცირების ან ფასის თვალსაზრისით რამე მოულოდნელი ცვლილება გველოდება, არ იყო", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ეს საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე, რადგან პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხს. რაც შეეხება იდეას უშიშროების საბჭოს მოწვევის თაობაზე, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ უშიშროების ეროვნული საბჭო პრეზიდენტის სათთბირო ორგანოა.

"როგორც გითხარით, ამ საკითხზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოპოვება. უშიშროების საბჭოს მდივანთან უახლოეს ხანში ამ საკითხზე ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.