ბაქოში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიამაც კი, ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა პრემიერის თვითმფრინავი ბაქოში დაეშვა, - ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "ჰაქინი" წერს.
"სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო დღეებში რამდენიმე ქართველმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზისგან დამოკიდებულობის შემცირებას აპირებს. ამ განცხადებების ფონზე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტი უმაღლეს დონეზე შედგებოდა", - წერს გამოცემა.
კახი კალაძისა და "გაზპრომის" მოლაპარაკებების გარდა, "ჰაქინი" იხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებას იმის შესახებ, რომ სექტემბერში თბილისში, ირანში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, დახურული კონფერენცია გაიმართა.
"ამგვარად, დონდუამ საჯაროდ აღიარა, რომ გაზის დივერსიფიცირებაზე თბილისი და თეირანი საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და სურთ, საქართველოში გაზის მიწოდების კუთხით "სოკარის" მონოპოლია დაასრულონ.
"ვითარების ამგვარმა მდგომარეობამ ოფიციალური ბაქო ააღელვა. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართული ხელმძღვანელობის საიდუმლო მოლაპარაკებებზე ირანთან და "გაზპრომთან". შემთხვევითი არ არის, რომ ქართველ პრემიერს აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი დახვდა", - წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების დივერსიფიცირების მცდელობა სწორი ტაქტიკაა, თუმცა აქვე იხსენებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე გაზს დაბალ ფასად, "საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოსთან სამეკავშირეო ურთიერთობის გამო" ყიდის.
"რამდენად სწორია ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა?" - სვამს კითხვას ჟურნალისტი. მისი მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის და ირანის დახმარებით, აზერბაიჯანზე ზეწოლა მოახდინოს, გაზზე ფასების დაკლების მიზნით.