169-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა და მშობლებმა ბაღის დირექტორის, ფიქრია ჩახნაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. როგორც ჟურნალისტებს შეკრებილებმა განუცხადეს , ფიქრია ჩახნაშვილი უკვე რვა წელია, აღნიშნულ თანამდებობას იკავებს.
"დირექტორს 8 წლის წინ გაუბედურებული ბაღი და ძველი ინვენტარი დახვდა. დღეს კი ბაღი სასახლეს ჰგავს. სააგენტოს უფროსი არც კი დაინტერესებულა ჩვენი ბაღის ნახვით, თუ რა სიტკბოსა და სიყვარულში იზრდება ჩვენი მომავალი თაობა", -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 60-მდე თანამშრომელი აწერს.
როგორც ბაღის დირექტორმა, ფიქრია ჩახნაშვილმა განაცხადა, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მას თანამშრომლების გათავისუფლება მოსთხოვა, რასაც არ დათანხმდა.
"მათ საკუთარი კადრებით სურდათ ბაღის შევსება. მე ჩემს თანამშრომლებს ვერ გავათავისუფლებდი. როგორც მითხრეს, დანიშნავენ ახალ დირექტორს და მათ სურვილს ის აღასრულებს",- აღნიშნა ფიქრია ჩახნაშვილმა.