საზოგადოებრივი მოძრაობა „მოქალაქე“ აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე ქონების შეძენას აპირებს, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა.
ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვა სურს და ამისთვის ფონდიც ჩამოაყალიბა.