სირცხვილია, რომ მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით უხდება ჩარბენა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ

სირცხვილია, რომ მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით უხდება ჩარბენა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ

სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში გუშინდელ ვიზიტს. ალასანიას თქმით, ის ნაბიჯები, რაც მალულად გადადგა საქართველოს მთავრობამ ენერგოუსაფრთხოების მოლაპარაკებების კუთხით და კონკრეტულად "გაზპრომთან" დაკავშირებით, ბუნებრივია გამოიწვევდა სტრატეგიულ პარტნიორებში გაურკვევლობას და კითხვის ნიშნებს.

"ზოგადად, სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის სამარცხვინო, რომ ასე არიეს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. სახელმწიფოებრივი ინტერესები ნამდვილად არ უდგას ამას უკან თუ რატომ ვაკეთებთ აქცენტს უფრო ძვირ და პოლიტიზირებულ რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რამდენად ვნებს ეს ხელისუფლება თავისი არაკომპეტენტურობით, წინდაუხედავობით ან გამიზნული პირადი ინტერესებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გუშინ შეხვდა.

როგორც "ინტერპრსნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მათივე განმარტებით, შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში "ზაგულბა" 3 საათს გაგრძელდა.

"საუბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში დასრულდა.