ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მინსკის დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დაიხურება. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გახსნილია სულ 6 129 საარჩევნო უბანი, აქედან 29 – ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ვადამდელი ხმის მიცემა ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს დაიწყო, დღეს კი კენჭისყრის ძირითადი ეტაპი მიმდინარეობს. 5 დღის განმავლობაში ამომრჩეველთა მესამედმა, რომლებიც შესაბამის სიებში იყვნენ, უკვე მისცა ხმა. არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ბიბისის" რუსული სამსახური წერს, არჩევნების შედეგები ბავშვისთვისაც კი ნათელია, ინტრიგა კი მხოლოდ იმაში მდგომარობს, ხმების რამდენ პროცენტს მიიღებს მოქმედი პრეზიდენტი.
ალექსანდრე ლუკაშენკოს აღნიშნულ არჩევნებში 3 ოფიციალურად დარეგისტრირებული კონკურებტი ჰყავს: "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერი სერგეი გაიდუკევიჩი, დემოკრატიული მოძრაობა "ილაპარაკე სიმართლეს!" აქტივისტი ტატიანა კოროტკევიჩი და კაზაკების ატამანი ნიკოლაი ულახოვიჩი.