"გაზპრომთან რაიმე დათმობაზე და ზეგავლენის ქვეშ მოქცევაზე საუბარი გამორიცხულია"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემალაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ გაზპრომი მხოლოდ კომერცოული კორპორაცია არ არის და გარკვეულ პოლიტიკური ელემენტების მატარებელია.

როგორც ტყემალაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, მთავრობამ, ამ შემთხვევაში კი ენერგეტიკის მინისტრმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ისეთი ხელშეკრულება გააფორმოს, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო და საჭირო იქნება.

"ენერგეტიკის მინისტრი თუ ამას ვერ მიაღწევს, ბუნებრივია ეს ხელშეკრულება, ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, რაიმე დათმობაზე და ზეგავლენის ქვეშ მოქცევაზე საუბარი, გამორიცხულია. აზერბაიჯანიც კი ყიდულობს გაზპრომიდან გაზს. ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ სხვა ქვეყანას რაიმე არ დავუთმოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესი გავითვალისწინოთ. საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. წინასწარ განგაშს ნუ ატეხთ, თუ რომელიმე კონტრაქტი გაფორმდება ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება, მაშინ მოვთხოვოთ ყველას პასუხი",- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჯერ მიღებული არ არის.