საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე მეხიკოში მიმდინარე - „პარლამენტარ ქალთა გლობალურ ფორუმში“ მონაწილეობს.
ღონისძიებას 80 ქვეყნის პარლამენტარი ქალები ესწრებიან. მანანა კობახიძემ დღეს კოლეგებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოში კანონმდებელი ქალების საქმიანობაზე, ქალთა უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხზე. მოხსენებაში საუბარი შეეხო დევნილი ქალების პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის ფაქტებს.
მოხსენების დასრულების შემდეგ კობახიძემ მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტარებს თხოვნით მიმართა იმ რეზოლუციის ინიცირებას დაუჭირონ მხარი, რომლის ინიცირებას საქართველოს ხელისუფლება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ახდენს.
"თითოეულ თქვენგანს კარგად მოგეხსენებათ, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს #1325 რეზოლუციის სულისკვეთება, რომლის ფონზეც დღეს ჩემს ქვეყანას დღის წესრიგში უდგას ტერიტორიული პრობლემები. კერძოდ, მე ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის 2008 წლის აგრესიას, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ აღიარებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სამწუხაროა, რომ ამ ქმედებებით რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტულ რეჟიმებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, მინდა შეგახსენოთ რომ დღეს საქართველოში არის 300 ათასი იძულებით გადაადგილებული ეთნიკურად ქართველი, რომლებიც სამწუხაროდ ვერ უბრუნდებიან მშობლიურ სახლ-კარს. საქართველოს ხელისუფლება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ახდენს სპეციალური რეზოლუციის ინიცირებას, რომლითაც ვითხოვთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ სახლებში მშვიდობიან დაბრუნებას. ამდენად, მოგმართავთ თხოვნით წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭიროთ ზემოხსენებულ რეზოლუციას", - აღნიშნა კობახიძემ.