ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნას პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ცაცანაშვილი, დადებითად აფასებს.
როგორც ცაცანაშვილმა "პირWელს" განუცხადა, ის თავად არის კომისიის წევრი და სრული ინფორმაცია აქვს მისი დანიშნულების შესახებ. ცაცანაშვილის თქმით, ტექნოლოგიური ინსტიტუტი შექმნისთანავე შედეგს მოიტანს.
"თავად ვარ ამ კომისიის წევრი და სრული ინფორმაცია მაქვს მისი დანიშნულების შესახებ. ტექნოლოგიური ინსტიტუტი არის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი, რომელსაც თან ახლავს გამოყენებითი მნიშვნელობა - კიბოს მკურნალობის სფეროში უახლესი მეთოდებით. ამიტომ, ეს საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი არის პრაქტიკაზე ორიენტირებული, რომელიც არ არის ჩვენთან საქართველოში. ქვეყნებს, რომლებსაც ის გააჩნია, ინოვაციების კვლევებსა და მიმართულებებში წარმატებულ ქვეყნებად ითვლებიან. შანსიც ჩნდება განათლებისა და სამეცნიერო სფეროში გაჩნდეს ახალი მოდელი, თუნდაც თავისი დანიშნულებით, ფუნქციით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახალგაზრდებს რეალურად აქვთ შანსი, მშენებლობის პროცესში თვითონ გაიზარდონ. ამიტომ ეს სრულიად რევოლუციური მიდგომაა დღევანდელ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის რეფორმასთან დაკავშირებით", - აცხადებს ცაცანაშვილი.
მისი თქმით, როგორც კი პარლამენტი მიიღებს კანონს და ინსტიტუტი დაფუძნდება, მაშინვე დაიწყება სტუდენტების შერჩევა.
"თვითონ ინსტიტუტის ამოქმედების პროცესიდანვე, როგორც კი პარლამენტი მიიღებს კანონს და დაფუძნდება, მაშინვე იწყება სტუდენტების შერჩევა სამაგისტრო და სადოქტორო სფეროში, რომლებიც გაიგზავნებიან და გარკვეული მიმართულებით მიიღებენ ცოდნას. შედეგი თავიდანვეა იმ კუთხით, რომ სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები ჩართული იქნებიან მშენებლობის პროცესში. თაობა ყოველთვის მშენებლბის პროცესში იზრდება. ასე რომ, შედეგი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, როდის აშენდება ეს ინსტიტუტი, მერე როდის მიიღებს ის სტუდენტს, როდის აშენდება სამედიცინო-საკვლევი ცენტრი, შემდეგ როდის მივა პირველი პაციენტი, ეს 5-6 წელთან არის დაკავშირებული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავიდანვე, შექმნის მომენტიდანვე ხდება შერჩევა სტუდენტების და მათთან ერთად მუშაობა უკვე კონკრეტული შედეგების მისაღწევად. პირველი შედეგი იქნება ახალი ცოდნის მიღება, შემდეგ ახალ დანადგარებზე მუშაობისას მათი ჩართულობა და შემდეგ ეს ადამიანები უკვე ჩვენი კადრები იქნებიან. გვეყოლება საკუთარი კადრები, რომლებიც დასაქმდებიან", - განაცხადა პროფესორმა.
ცაცანაშვილის თქმით, მსგავსი პრაქტიკა ამიერკავკასიაში და მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში არ არის. ამიტომ მას აქვს რეგიონალური, უსაფრთხოებითი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს რევოლუციური გარდაქმნის მნიშვნელობა და თაობაზეა ორიენტირებული.
ცნობილია, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებენ. ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი, სადაც პროექტთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.
CERN, CNAO და ENFN ქართულ მხარეს ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობასა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე, გამოყოფენ სათანადო გამოცდილების ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ეფექტურად დაიწყოს ფუნქციონირება. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტებისა და მკვლევარების მომზადების ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.
აქვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს. ცენტრის დაფუძნების ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.