ანკარაში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი", სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
თურქეთის დედაქალაქში 2 ძლიერი აფეთქება დილის საათებში, რკინიგზის სადგურის რაიონში მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
თურქული ტელეკონპანია NTV იტყობინება, რომ აფეთქებები შესაძლოა, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყოს ორგანიზებული. სააგენტო "როიტერის" ცნობით, მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ამჟამად მიმდინარეობს დაჭრილთა გამოყვანა. პოლიციამ რაიონი გადაკეტა.
აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.