თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, ინგლისურენოვანი გაზეთის რედაქტორი დააპატიმრეს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, გამოცემა "Today's Zaman"-ის მთავარი რედაქტორი ბიულენტ ქენეში სტამბოლში, საკუთარ ოფისში სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. დაკავების პროცესს პირდაპირი ეთერით, მედიის საშუალებით გადასცემდნენ.
ბიულენტ ქენეშს ადანაშაულებენ, რომ ტვიტერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით, მან თურქეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვა პოლიტიკოსებს შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, რედაქტორის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის 2 საქმე.
თავად ქენეშმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლების უფლებით ისარგებლა, რათა ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამოეხატა. ბიულენტ ქენეშს ანალოგიური ბრალდებით 21-თვიანი პირობითი პატიმრობა ივნისშიც მიუსაჯეს.
მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გახდა, მისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით ასობით ადამიანი დააკავეს.