აშშ და რუსეთი სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 12 ოქტომბერს გამართავენ

აშშ და რუსეთი სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 12 ოქტომბერს გამართავენ

რუსეთი თანახმაა, სირიაში ავიაფრენების უსაფრთხოების საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. 
"თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამინისტროს ოფიციალური პასუხი მიიღო", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პიტერ კუკმა.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარებს შორის სავარაუდოდ, 12 ოქტომბრამდე გაიმართება.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიაში სამხედრო ქმედებების რუსეთთან კოორდინირებას არ აპირებს, ამიტომ მხარეები მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის პილოტების უსაფრთხოებაზეც.
დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული და მოუწოდებენ მოსკოვს, მეტი ყურადღება დაუთმოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას.