ფიზიკოსი გია დვალი აცხადებს, რომ საქართველოში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყებისთვის დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
როგორც დვალმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, პროექტები საკმაოდ დიდ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო დონეზეც.
„დღეს გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვინაიდან ის უცხოელი კოლეგები, რომლებიც აქ არიან წარმოადგენენ უმაღლეს დონეს ამ სფეროში, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ეს პროექტი იქნება ძალიან რთული, მაგრამ იქნება საინტერესო და პოზიტიური. იდეა არის, რომ ეს იყოს საერთაშორისო სტანდარტის პროექტი. ეს არის კვლევის მიმართულება. 100%-იანი წამალი არსაიდან არ არსებობს, მაგრამ იდეა ამის იყო ის, რომ ეს განხილული უნდა იქნას სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევის ჭრილში, რომელსაც თუ განხორციელდა აქვს უზარმაზარი სამედიცინო ღირებულება და ეს უნდა გამოიყენონ ამ სფეროს სპეციალისტებმა. თუ ამ პროექტის მიმართულებით დავიწყებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას , ეს არის ავტომატური ინტეგრაცია საერთშაორისო ქსელებში. არ ვიცი ამ სიტუაციაში ამაზე უკეთესი რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში ამ მიმართულებით“, - განაცხადა დვალმა.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (ENFN) ითანამშრომლებენ. საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფერ შეფერი, CNAO-ს გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ENFN-ს პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი. დღეს მათთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის თანაავტორი გია დვალიც ესწრებოდა.