„მთავარი სირთულეები წინ არის“

„მთავარი სირთულეები წინ არის“

ფიზიკოსი გია დვალი საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტის განხორციელებაში კოლეგებისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომის აუცილებლობაზე საუბრობს.

გია დვალი საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების იდეას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებაში მთავარი სირთულეები წინ არის.

„უმნიშვნელოვანესი პროექტია. ასეთი ტიპის პროექტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს საქართველოსთვის საგანმანათლებო მნიშვნელობის მხრივ და მთელი იმ ჰუმანური მხარითაც, რაც მას შეიძლება ჰქონდეს. დღეს გადაიდგა პირველი, ძალიან პატარა ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი სირთულეები წინ არის. ის ურთულესი პროექტია. ეს რომ გაკეთდეს, ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენი კოლეგების და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ძლიერი თანადგომა და ძალიან დიდი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას მოყვება წარმატებული გაგრძელება“, - განაცხადა გია დვალმა.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს.  კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (ENFN) ითანამშრომლებენ. საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფერ შეფერი, CNAO-ს გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ENFN-ს პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი. დღეს მათთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის თანაავტორი გია დვალიც ესწრებოდა.