დავით დონდუა - თუკი არაფერი გაკეთდა, სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით

დავით დონდუა - თუკი არაფერი გაკეთდა, სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით

თუკი არაფერი გაკეთდა, სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით, - ამის შესახებ "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა. 
მინისტრის მოადგილემ ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე გაამახვილა ყურადღება. 
დონდუას თქმით, ის რაც ხდება უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში, ერთმანეთისგან იზოლირებული მოვლენა არ არის და ერთი დიდი სცენარის ნაწილია. 
"რაც რუსეთმა გააკეთა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხელშეკრულებებით, რომელიც ქვემდებარე დოკუმენტების გაფორმებას ითვალისწინებს და ეს დოკუმენტები უკვე ფორმდება, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სამ წელიწადში ეს ტერიტორიები მთლიანად იქნას შეწოვილი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში, რაც ფაქტობრივად ანექსიას ნიშნავს. თუკი არაფერი გაკეთდა სამ წელიწადში აფხაზეთსა და ოსეთში, მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ როდესაც ლაპარაკია უკრაინაზე, ეს არ განიხილონ იზოლირებულ შემთხვევად და მხედველობაში ყოველთვის ჰქონდეთ საქართველო", - განაცხადა დავით დონდუამ. 
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გარკვეული შედეგები მიღებულია სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიმართულებით.
"ამერიკელებმა 2010 წლიდან დაიწყეს რუსულ პასპორტებში, განურჩევლად იმისა, სად იყო გაცემული რუსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალსა თუ სოხუმის ტერიტორიაზე, ამერიკული ვიზების ჩარტყმა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც ამას აკეთებდა. მიუხედავად ჩვენი წინა თუ დღევანდელი ხელისუფლების მრავალი პროტესტისა, აქ წინსვლა არ იყო. ბოლო წლებია, რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებმა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, ეს პოლიტიკა გაამკაცრა. ეს სწორედ იმის გამო, რომ უკრაინაში იგივე პრობლემა შეიქმნა, რაც იყო საქართველში. უკრაინის კრიზისი დაგვეხმარა ჩვენი საკითხის წარმოჩენაში", - აღნიშნა დავით დონდუამ.