საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტი რევოლუციურია.
ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის თაობაზე პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეხვედრის შემდეგ განზრახულობათა ოქმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოაწერეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ აღნიშნულ ორგანიზაციებთან ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო ითანამშრომლებენ.
„ეს ინიციატივა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარე აქტიურად იქნება ჩართული ამ პროექტში. ეს პროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნას საქართველოში, ასევე, ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ეს 2 პროექტი ჯამში 500 მილიონი დოლარი ჯდება, რომელსაც სრულად დააფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ეს არის მართლაც რევოლუციური პროექტი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში იქნება მეხუთე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ჩვენ ყველანი ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ამ პროექტში ადრეული ეტაპიდან ჩაერთვებიან ახალგაზრდები, მეცნიერები, მკვლევარები. ეს მათ მისცემს საშუალებას, რომ განვითარდნენ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ პროექტის დაფუძნებისთვის და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პროექტის განხორციელება დაიწყო და მთლიანად დააფინანსებს მას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.