ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის კონცეფციის დახვეწაში დიდი წვლილი ფიზიკოს გია დვალს მიუძღვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ივანიშვილმა დამსწრე სტუმრებს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის.
"ალბათ ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია ვართ ამ პროექტით დაინტერესებულები. პირველ რიგში გიას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. ჩემი იყო ინიციატივა, მართლაც. დავუკავშირდი გიას, მისგან მივიღე ძალიან გულწრფელი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული იდეა მქონდა, თუმცა, გიას დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს განვიხილავთ. თემურ ლომთაძეა ძალიან აქტიურად ჩართული პროექტში და ძალიან დიდი მადლობა ჩამობრძანებულ სტუმრებს. ჩვენთვის დიდი პატივია უცხოელი სტუმრების, სპეციალისტების სტუმრობა. იმედი მაქვს, თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ჩვენი ჯგუფი, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. ამ საკითხზე შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს, რომელსაც, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან.