"ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდია"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე შეხვედრაზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, რასაც ფონდი "ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი გაიღებენ.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, როგორც მთავარი ინიციატორის და ასევე ბატონი გიას როლი ამ საქმეში ძალიან დიდია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინას იდეა იყო ამ საქმის წამოწყება და მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს სტუმრებს, რომ ამ პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ". ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. ამ საკითხზე შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს, რომელსაც, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან.