ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად განთავსდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა

ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად განთავსდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა

ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ჯამური ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია, რომლის მეშვეობითაც, მოხდება ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, საჭირო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ბაზის შექმნა და სხვა.

როგორც ქარსელაძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პროექტის შინაარსი მდგომარეობს ტექნოლოგიური, სამეცნიერო, საინჟინრო მიმართულებების განვითარებაში, რომელიც 2 პროექტად იქნება განხილული. პირველი - როგორც ტექნოლოგიური ინსტიტუტი და მეორე - როგორც სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიური ცენტრი.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა დაინტერესებულ უნივერსიტეტებთან.

 რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ქარსელაძის თქმით, ის შეირჩევა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც პროექტს ექნება.

„ჯერ არ არის პროექტი შემუშავებული, ვინაიდან ველით შერჩევისას მიღებულ შედეგებს. ესენი არიან: ამერიკული და ევროპული წამყვანი ინსტიტუტები, მსოფლიო რეიტინგში პირველი ხუთეულიდან. იმედი გვაქვს, სწორედ ის ღირსეული კანდიდატი შეირჩევა, რომელიც არამარტო რეიტინგულად წარმოადგენს მძლავრ და განვითარებულ უნივერსიტეტს, არამედ, ქვეყნისთვისაც ეფექტური იქნება ამ უნივერსიტეტის პროექტში ჩართვა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. ამ საკითხზე შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს, რომელსაც, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან.